სტატიები

წნორში წარმოებული ჩურჩხელა ექსპორტზე 3 ქვეყანაში გადის

კომპანია ,,ნუგბარის” დამფუძნებელი, ბიძინა ფხოველიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე “ნუგბარი”, საქართველოს მასშტაბით, 500-ზე მეტ სავაჭრო ობიექტში იყიდება. ფხოველიშვილის ინფორმაციით, კომპანია მცირე რაოდენობით ტყლაპსა და გოზინაყსაც აწარმოებს. მისი თქმით, პროდუქტის ექსპორტი პირველად ჩეხეთში დაიწყეს, სადაც საცდელად 500 ჩურჩხელა გაიტანეს. მეორე ეტაპზე კი მისი რაოდემობა 3 500-მდე გაიზარდა.

,,ამ დროისთვის დაბა წნორში მდებარე საწარმო დღეში 2000-მდე ჩურჩხელას აწარმოებს. „ნუგბარის“ ბრენდით დამზადებული ჩურჩხელები სპეციალურ სადგამებზე 500-ზე მეტ ობიექტშია ხელმისაწვდომი და მისი რაოდენობის გაზრდა იგეგმება. „ნუგბარი” ჩურჩხელების საწარმოებლად იყენებს საუკეთესო ხარისხის ქართულ თხილეულსა და მხოლოდ სრულმარცვლოვან ფქვილს. კომპანიას, ასევე, აქვს სასაჩუქრე პაკეტები, რომლებშიც ჩურჩხელასთან ერთად შედის ტყლაპი, ჩირი და თხილეული. ჩეხეთის გარდა, აშშ-ში წელს გავგზავნეთ 2 000-მდე ჩურჩხელა და სრულად გაიყიდა. პროდუქცია სამხრეთ კორეაშიც კარგად იყიდება”, – განუცხადა Knews.ge-ს ბიძინა ფხოველიშვილმა.

“ნუგბარის” ჩურჩხელა დაბა წნორში საოჯახო მეურნეობის ტიპის საწარმოში მზადდება. ხელნაკეთი ტკბილეულის დასამზადებლად რქაწითელის ბადაგს და თონეში მოხალულ თხილსა და კაკალს იყენებენ. პროდუქცია მუყაოსა და პოლიპროპილენის შეფუთვებშიც იყიდება. კომპანია ამ ეტაპზე 20 სახეობის ჩურჩხელას აწარმოებს. საწარმოს ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ მათი პროდუქციის ხარისხი მაღალია, ფასი კი საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალი. 

,,ზოგადად, ჩურჩხელა რთული პროდუქტია. რთული პროცესია როგორც მისი გაშრობა და შენახვა, ისე სტანდარტიზაცია, რადგან თითოეული მათგანი ხელით კეთდება. წარმოებისას ყველა დეტალს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. თუ წყლის შემცველობის დონე დააკლდა, ჩურჩხელა გახმება, თუ მეტი მოუვიდა – დაობდება. თუ ჩურჩხელა ძალიან მაგარია, ესე იგი მას ბადაგი ანუ ყურძნის ბუნებრივი სიტკბო (გლუკოზა და ფრუქტოზა) აკლია. ჩვენი ძირითადი პროდუქტებია 20 სახეობის ჩურჩხელა და ქართული ტკბილეულის სასაჩუქრე ნაკრებები, რომლებიც მზადდება ჯანსაღი ინგრედიენტებითა და ტრადიციული მეთოდებით. ჩურჩხელების გასაყიდი ფასები 2.50 და 2.80 ლარია და ისინი შესაბამისად რქაწითელისა და საფერავის 40%-იანი სიტკბოს ბადაგით მზადდება. ტკბილეული სრულმარცვლოვანი ფქვილით მზადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფქვილი მიღებულია ხორბლის მთლიანი მარცვლიდან. ჩვენი მთავარი ფასეულობაა მაღალი ხარისხი, ამიტომაც ჩვენთვის ეროვნული ტკბილეულის წარმოება გაცილებით მეტია, ვიდრე კომერციული საქმიანობა.”

შპს „ნუგბარი” 2015 წელს დაარსდა და ბაზარზე აქტიურად გასულ წელს გამოჩნდა. კომპანიაში 25 თანამშრომელია დასაქმებული. საწარმოს ამჟამად 1 მაღაზია-შოუ რუმი აქვს თბილისში. კომპანიის მიერ წარმოებული პროდქუცია ვაკეში, პიქსელის შენობაში მდებარე ჯიხურშიც იყიდება.

,,კომპანია წარმოებულ პროდუქციას საკუთარ მაღაზიებსა და რამდენიმე პარტნიორ სავაჭრო ქსელში სპეციალური სადგამებიდან ყიდის. ჩვენ ვართ ახალი კომპანია ქართული ტრადიციული ტკბილეულის ბაზარზე. „ნუგბარი“ აერთიანებს საოჯახო მეურნეობის ტიპის საწარმოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის დაბა წნორში და მაღაზია-შოურუმს თბილისში,”– განუცხადა Knews.ge-ს კომპანიის ხელმძღვანელმა.