ხმაური თელავის საკრებულოში – კანონდარღვევით გაზრდილი ხელფასები
მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 350 ლარით გაიზარდა და 3100 ლარით განისაზღვრა. წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილის და ვიცე მერის თანმდებობრივმა სარგომ 2800 ლარი შეადგინა. მერის მოადგილეებს კი 2500 ლარი დაენიშნათ. მაღალჩინოსნების ყოველთვიური ანაზღაურების ზრდას თელავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობამ მხარი დაუჭირა, ოპოზიციამ კი კი ხელფასების მომატება გააპროტესტა.
საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბადურ რევაზიშვილი მიუთითებს, რომ უმაღლესი თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების შრომის ანაზღაურების ზრდა კანონდარღვევაა. რევაზიშვილი საკრებულოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
„თანამშრომლების თანამდებობრივი სარგო თელავის საკრებულოს უნდა განესაზღვრა 20 იანვრამდე, თუმცა ეს ვადა დაირღვა. ხელფასები გაიზარდა კანონდარღვევით. თავად აღიარებენ, რომ კანონდარღვევაა, მაგრამ უმრავლესობამ მხარი მაინც დაუჭირა. გარდა ამისა, უმაღლესი თანამდებობის პირებისათვის ხელფასების ზრდა სხვა მხრივაც დაუშვებელი იყო. როდესაც მოსახლეობა უკიდურესად გაჭირვებულია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ხელფასებს იზრდიან და და არ ფიქრობენ ხალხის მომავალზე. საკრებულოს დღევანდელ უკანონო გადაწყვეტილებას აუცილებლად სასამართლოში გავასაჩივრებ“, – განუცხადა Knews.ge-ს ბადურ რევაზიშვილმა.
მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების შრომის ანაზღაურების მომატებას მხარი არც „ევროპულმა საქართველომ“ არ დაუჭირა მხარი. ოპოზიციონერი დეპუტატის ლელა მენთეშაშვილი მიიცნევს, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე დაუშვებელია ხელფასების ზრდა.
„როდესაც 50 ლარიანი ერთჯერადი დახმარებები აღარ არის, სოციალური პროგრამები ძალიან მწირია. ქალაქ თელავის და თემის მუნიციპალიტეტების შეერთებამ გამოიწვია ადამიანების გათავისუფლება. ანუ გაიზარდა უმუშევართა რიცხვი. ამის პარალელურად იზრდება მაღალჩინოსნების ხელფასები. გარდა ამისა, ხელფასების მატება არის კანონდარღვევა, რომელსაც უმრავლესობამ მხარი დაუჭირა“, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას ლელა მენთეშაშვილი.
ხელფასების კანონდარღვევით ზრდას ადასტურებს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეც. არჩილ თხლაშიძე განმარტავს, რომ კანონი ავალდებულებდა თვითმმართველ ერთეულს თანამშრომლებისთვის შრომის ანაზღაურების მომატებას.
„კანონის მიხედვით, 20 იანვრამდე უნდა განსაზღვრულიყო მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების თანამდებობრივი სარგო, მაგრამ ობიექტური მიზეზების გამო ვერ დამტკიცდა. მართალია ეს დარღვევაა, მაგრამ რომ არ გაგვეზარდა ხელფასები, ის უფრო დიდი დარღვევა იქნებოდა. ჩვენ ხელფასები განვსაზღვრეთ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისათვის 2017 წელს გაცემული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურების მიხედვით. მთავრობიდან მოგვივიდა ასეთი მითითება. გარდა იმისა, რომ კანონი გვაძლევდა ხელფასების ზრდის შესაძლებლობას, შრომის ანაზღაურების მომატება სხვა მხრივაც აუცილებელი იყო. ძალიან ძნელი კვალიფიციური კადრის მოზიდვა საჯარო დაწესებულებებში, რადგან კერძო სექტორთან შედარებით საჯარო მოხელეების ხელფასები არის ძალიან დაბალი. შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, ხელფასებს კიდევ უფრო მეტად გავზრდიდით“, – განუცხადა knews.ge-ს არჩილ თხლაშიძემ.
უმაღლესი თანამდებობის პირების გარდა ხელფასები გაიზარდა სამსახურებისა და განყოფილების უფროსებისთვის, უფროსი და უმცროსი სპეციალისტებისთვის, ასევე, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებისთვისაც.