ახალი ამბები

ფიზიკურ პირებს სუნელების და სანელებლების წარმოება-რეალიზაცია ეკრძალებათ

სურსათის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, რისკის მართვის დროებითი ზომების მოქმედების ვადა განსაზღვრულია არაუმეტეს 2 წლით. 
,,ახალი წესების თანახმად: იკრძალება ფიზიკური პირების (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა) მიერ სუნელებისა და სანელებლების წარმოება ან/და გადამუშავება და რეალიზაცია. ფიზიკური პირების მიერ სუნელებისა და სანელებლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მომხმარებლის თანდასწრებით ადგილზე სუნელები და სანელებლები იფქვება. ბიზნესოპერატორის მიერ წარმოებული ან/და გადამუშავებული სუნელებისა და სანელებლების ბაზარზე განთავსება შესაძლებელია მხოლოდ დაფასოებული სახით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ეტიკეტირების მოთხოვნების დაცვით, რაც უზრუნველყოფს მიკვლევადობას და ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას”,- განაცხადეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში. 
უწყების ცნობით, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში პროდუქცია განადგურდება და მისი წარმოება შეწყდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წელს სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, სუნელებისა და სანელებლების 187 ნიმუშიდან 33 შემთხვევაში (18%-ია) გამოვლინდა ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა. 
“დარღვევები, უმეტეს შემთხვევაში, (88%) იმ ფიზიკური პირების, ასევე კუსტარული წარმოებების პროდუქციაში დაფიქსირდა, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებულნი და, შესაბამისად, მათ სახელმწიფო არ აკონტროლებდა. სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის დროს დაფიქსირდა სავარაუდო ფალსიფიკაციის შემთხვევებიც, მათ შორის, არასასურსათო დანიშნულების ნედლეულის გამოყენების ფაქტები. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე დღის წესრიგში დადგა შემოღებულიყო რისკის მართვის დროებითი ზომები, რაც მიზნად მომხმარებლის ინტერესებისა და ჯანმრთელობის დაცვას ისახავს”, – აღნიშნეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.