კონკურსი „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გამოცხადდა
ფონდის გენდერული და სოციალური მიმართულების დირექტორის ქეთევან მამინაიშვილის განცხადებით, კონკურსის შედეგად გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან საქართველოში მოქმედი კომპანიები, რომლებიც ხელს უწყობენ ქალების პროფესიულ განვითარებას და რესურსებზე თანასწორ წვდომას.
„გენდერული უთანასწორობა მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ამდენად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდისთვის გენდერული საკითხები ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა კი მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობის მისაღწევად. სწორედ ამის ხელშეწყობის მიზნით ვახორციელებთ კონკურს, რომლის შედეგადაც დაჯილდოვდებიან კომპანიები, რომლებიც ამკვიდრებენ ქალების პროფესიული წინსვლის ორგანიზაციულ კულტურას და უზრუნველყოფენ თანასწორ გარემოს“, – განაცხადა ქეთევან მამინაიშვილმა.
კონკურსი ტრადიციულ ხასიათს ატარებს და წელს უკვე მესამედ ტარდება. მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა შეავსონ განაცხადი, რომელშიც საკუთარი საქმიანობისა და გამოცდილების მაგალითზე წარმოაჩენენ, თუ როგორ არის შესაძლებელი რეალურად შეუწყონ ხელი ქალების განათლებას, სწავლებასა და პროფესიულ განვითარებას.
დაინტერესებულმა მოქმედი ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა და გააგზავნონ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: geb@mcageorgia.ge
საკონკურსო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 16 თებერვალი.