წნორში ჩირის მწარმოებელი ქარხანა, სავარაუდოდ, გაზაფხულზე გაიხსნება
როგორც knews.ge–ს კომპანიის ხელმძღვანელმა ვახტანგ ყაჯრიშვილმა განუცხადა, საწარმოს მშენებლობა უკვე დასრულდა, რომელშიც 1 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. მისივე ინფორმაციით, თავდაპირველად, დაახლოებით, 5 სახეობის ჩირის წარმოებას აპირებენ.
„ჩირის მწარმოებელი ქარხანა ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით იქნება აღჭურვილი. საწარმო წნორში, სავარაუდოდ, გაზაფხულზე დაიწყებს ფუნქციონირებას. ქარხანა თავდაპირველად დაახლოებით 5 სახეობის, მათ შორის, ლეღვისა, ქლიავისა და ატმის ჩირებს დაამზადებს. ხილს ადგილობრივი ფერმერებისგან ჩავიბარებთ. ქარხნის მშენებლობაში დაახლოებით მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. ქარხანა პროგრამის „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში აშენდა. აუცილებლად შევიძენთ ახალ დანადგარებს, რის შემდეგაც ჩირის წარმოებას დავიწყებთ”, – განუცხადა knews.ge–ს ვახტანგ ყაჯრიშვილმა.
ნატურალური ჩურჩხელის მწარმოებელი კომპანია „ბადაგი” 5 წლის წინ დაარსდა. ჩირი ხილიდან წყლის გამოცლით მიღებული პროდუქტია. წყლის მოცილება შეიძლება როგორც ბუნებრივი გზით, მზეზე გაშრობით, ისე საწარმოო მეთოდით დეჰიდრატაციის მეშვეობით. ხილის ჩირის გამოყენებას მთელს მსოფლიოში დიდი ისტორია აქვს და ის განსაკუთრებულად ფასობს მისი ტკბილი გემოს, კვებითი ღირებულებისა და ხანგრძლივი ვადით შენახვის შესაძლებლობის გამო. გამშრალი ხილი ახალი ხილის კვებით ღირებულებას თითქმის უცვლელად ინარჩუნებს. ის ვიტამინების, მინერალების, ცილების და სხვადასხვა ბიოაქტიური კომპონენტების მნიშვნელოვანი წყაროა.
ევროკავშირი მსოფლიოში ჩირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომხმარებელია. ევროპის ბაზარზე ძირითადად ბანანის, ფინიკის, ლეღვის, ფორთოხლის, გრეიფრუტის, გარგარის, ვაშლის, მსხლისა და ქლიავის ჩირი შედის.