გრემში წარმოებული ღვინო ამერიკაში, იაპონიასა და დანიაში იყიდება
მარნის მფლობელი თემო კორტავა აღნიშნავს, რომ საკუთარი ბრენდის ღვინის ჩამოსხმა 2 წლის წინ დაიწყეს. იგი 3 სახეობის ღვინოს: რქაწითელს, კახურ მწვანესა და საფერავს ძველი ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევრში აყენებს.
,,2 წელია 3 სახის ღვინოს: რქაწითელს, კახურ მწვანეს, საფერავს ვაწარმოებთ. პირველივე მოსავლის ღვინო 2014 წელს შევიტანეთ ნატურალური ღვინის ბარებში და მაღაზიებში როგორებიცაა: vino underground, Stampesso, აზარფეშა, ჯივინო, ასევე დაიტერედა Hilton და მრავალი სხვა მაღაზია. 2015 წელს, ასევე, მომხმარებელს სიახლე შევთავაზეთ. ჩემმა მეუღლემ დააყენა განსხვავებული მეთოდით, კარბონული მაცერაციით ქვევრში რქაწითელი, რომელიც ძალიან გემრიელი გამოვიდა. ყველა ღვინო თავისთავად საინტერესო და გამორჩეულია ერთმანეთისაგან. ყოველწლიურად ვაწარმოებთ 5 000 ბოთლ ღვინოს, რომელიც როგორც ამერიკაში, იაპონიასა და დანიაში გადის ექსპორტზე და ადგილობრივ ბაზარზეც იყიდება. ერთი ბოთლი ღვინის ფასი 20–დან 30 ლარამდეა’’,– განუცხადა Knews.ge-ს თემურ კორტავამ.
მეღვინე ირწმუნება, რომ კორტავების ღვინო ნატურალურია, რადგან ვენახის მოვლისას აგროქიმიკატებს არ იყენებს. თემურ კორტავა საგვარეულო მარნის წინ 37 სახეობის საკოლექციო ვაზის ჯიშისგან გაშენებულ ვენახსაც ფლობს.