კახეთის ყოფილმა გუბერნატორმა სოციალურ ქსელში სპეციალური მიმართვა გაავრცელა
შიოლაშვილი საუბრობს საინფორმაციო ქსელების დირექტორის, გელა მთივლიშვილის შესახებ, რომელმაც ყოფილ გუბერნატორს უზენაეს სასამართლოში საქმე რამდენიმე დღის წინ მოუგო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი შოლაშვილს დაევალა, უარეყო გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაცია.
,,მოგახსენებთ, რომ 2015 წლის 24 აპრილს, ჩემი ვიდეო მიმართვის ერთ–ერთ ეპიზოდში ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე ვამბობ: ხელშეკრულებები ყველა მუნიციპალიტეტში იყო გაფორმებული. ყველა საკრებულოში ცალკე იყო გაფორმებული და საერთო ჯამში ეს თანხა შეადგენდა და ბატონი მთივლიშვილი ღებულობდა იმაზე თითქმის ორჯერ მეტ შემოსავალს, ვიდრე დღეს ღებულობს მოქმედი გუბერნატორი. სწორედ ყოველთვიურად ამ თანხის დაკარგვის გამო იყო რამდენჯერმე მუქარა, შემოთვლა და თქმა იმისა, რომ თუ ეს ასე არ იქნებოდა, მაშინ მოიძებნებოდა ალტერნატიული წყარო, რომელიც იქნება აგებული მთლიანად გუბერნატორის დისკრედიტაციაზე. სამწუხაროდ გაიპარა შეცდომა, რადგან თანხა, რომელიც ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს 3 წლის განმავლობაში სხვადასხვა მუნიციპლაიტეტებიდან აქვს აღებული, შეადგენს 28560 ლარს, რაც ნაკლებია გუბერნატორის ანაზღაურებაზე. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან და სასამართლო გადაწყვეტილების შესრულების მიზნით, უარვყოფ ჩემი ვიდეო მიმართვის ამ ფრაგმენტს“, – აცხადებს ვიდეო მიმართვაში ირაკლი შოლაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის წევრის ირაკლი შიოლაშვილის საკასაციო საჩივარი, რომლითაც ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა. გასულ წელს სააპელაციო სასამართლომ კახეთის ყოფილ გუბერნატორს ირაკლი შიოლაშვილს დაავალა, საჯაროდ უარყოს გავრცელებული ინფორმაცია, რომლითაც ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის ღირსება და საქმიანი რეპუტაცია განზრახ შელახა.
საქმე ეხება ირაკლი შიოლაშვილის მიერ, 2015 წელს საჯაროდ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორის გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა გუბერნატორის ოჯახის უკანონო ბიზნესინტერესებზე, 2015 წლის 22 აპრილს ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა.