პანკისის სპეცოპერაციის დროს დაკავებულმა რუსლან ალდამოვმა დუმილი დაარღვია
კუბლაშვილის განმარტებით, ალდამოვი აღნიშნავს, რომ სამი პირი, რომელთაგან სპეცოპერაციის დროს ორი მოკლეს, ხოლო ერთი დააკავს, სოფელ დუისში გაიცნო, თუმცა მათი მიზნებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმირებული არ იყო.
„რუსლან ალდამოვმა უკვე დაიწყო გარკვეული დეტალების შესახებ საუბარი. თემირლანი და რუსლანი მეზობლები იყვნენ და ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. სოფელ დუისში დიდი ფეხბურთის მოედანია და ეს ბიჭები იქ ხვდებოდნენ ერთმანეთს. იქ გაიცნო რუსლანმა თბილისის სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ის ორი ბიჭი და დაკავებული. აჰმედ ჩატაევს კი რუსლანი პირადად საერთოდ არ იცნობდა და შესაბამისად, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ის აქ იყო. ეს ბიჭები არაფერზე საეჭვოზე არ ლაპარაკობდნენ და არ იციან, რა იყო მათი ჩამოსვლის მიზანი საქართველოში“, – განუცხადა knews.ge–ს მარიამ კუბლაშვილმა.
სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში, 26 დეკემბერს, გამთენიისას, ჩატარდა.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისსა და ომალოში დააკავა 3 პირი: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვ და ბადურ ჩოფანაშვილი, ხოლო თბილისში – რამაზ მარგოშვილი. ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა. მას ქალა ტვინის გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა. მაჩალიკაშვილს ნეოქირურგიული ოპერაცია თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. 28 დეკემბერს თბილისში, მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში, გადაიყვანეს. ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ მაცალიკაშვილი 10 იანვარს გარდაიცვალა. სპეცრაზმის წევრების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს. პანკისის სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ოთხ ბრალდებულს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახედ, პატიმრობა შეუფარდა.