თელავის საკრებულოში ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარეს ორი მოადგილე ეყოლება
როგორც knews.ge–ს საკრებულოს აპარატის უფროსმა, ტარიელ გალახვარიძემ განუცხადა, მოადგილეების თანამდებობებს ბესიკ ქოჩიშვილი და ზურაბ მუსაევი დაიკავებენ.
„ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ორი მოადგილე ეყოლება. ბესიკ ქოჩიშვილი ალაზანი–კავკასიონის მაჟორიტარი დეპუტატია, ხოლო ზურაბ მუსაევი კი – სოფელ ყარაჯლის მაჟორიტარი დეპუტატი. ფრაქციაში 12 დეპუტატია გაერთიანებული. რაც შეეხება სხვა ფრაქციებს, ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარეს ეყოლება ერთი მოადგილე. ამ თანამდებობაზე ფრაქციამ აბრამ მახარიაშვილი აირჩია. ამ ფრაქციის შემადგენლობაში საკრებულოს 5 წევრი შედის. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ანაზღაურება ჯერ განსაზღვრული არ არის“, – განუცხადა knews.ge–ს ტარიელ გალახვარიძემ.
2017 წლის 15 დეკემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომელიც საკრებულოებში ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის შექმნას ითვალისწინებს. ცვლილების მიხედვით, ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ერთი მოადგილე. ცხრა ან ცხრაზე მეტი წევრის არსებობის შემთხვევაში ფრაქციის თავმჯდომარე უფლებამოსილია, ჰყავდეს დამატებით ერთი მოადგილე.