ენმ – თელავის ბიუჯეტი კახეთის გუბერნატორის დავალებით მიიღეს
გიორგი ბოტკოველის თქმით, საკრებულომ მთავარი საფინანსო დოკუმენტი კანონდარღვევით მიიღო.
,,კანონდარღვევაა ის, რაც ჩაიდინა თელავის საკრებულომ გუბერნატორის დავალებით. მათ გადაწყვიტეს, რომ თელაველების გარეშე მიეღოთ ბიუჯეტი. თავიდან ჯერ დააანონსეს, რომ ჯერ კომისიებში და შემდეგ გაიმართებოდა საჯარო განხილვა, რის შემდეგაც მიიღებდნენ ბიუჯეტს. მერის დაპირებაც იყო, რომ ხალხის ჩართულობაზე და მათ გააქტიურებაზე იმუშავებდა. საჯარო განხილვა კი არა, ის ხალხიც არ იყო ჩართული, ვინც საკრებულოს წევრია. ბიუჯეტში საუბარია ძალიან ბევრ მუხლზე, რომელზეც შეიძლებოდა გვემსჯელა და ჩვენი აზრი წარმოგვედგინა, თუმცა მათ ბიუჯეტი ჩაკეტილ კარს მიღმა მიიღეს. ვიბრძოლებთ ყველა გზით, რომ ჩვენი პოზიციები დავაფიქსიროთ და გავიტანოთ. არ მოვასვენებთ საკრებულოს, სანამ არ გაითვალისწინებენ მთავარი პუნქტება ბიუჯეტში, რომელიც ხალხისთვის არის მნიშვნელოვანი’’, – განუცხადა Knews.ge–ს გიორგი ბოტკოველმა.
კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი გიორგი ბოტკოველის ბრალდებაზე კომენტარს არ აკეთებს.
“მე რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამ ბრალდებაზე? ბიუჯეტის მიღებაზე პასუხისმგებელია მერია და საკრებულო. მე რა შუაში ვარ”, – აღნიშნა Knews.ge–სთან საუბრისას ირაკლი ქადაგიშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგგარეშე სხდომაზე, დაჩქარებული წესით, 10 იანვარს 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. 35 დეპუტატიდან სხდომას საკრებულოს 26 წევრი ესწრებოდა. ბიუჯეტის პროექტს ოცდასამმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. სხდომაზე არ იმყოფებოდა ოპოზიციონერი დეპუტატების დიდი ნაწილი. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი 9 იანვარს გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა არ ყოფილა და არც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს არ ჰქონდათ ბიუჯეტის გაცნობის შესაძლებლობა. საკრებულოს თავმჯდომარე, კანონით გათვალისწინებული პროცედურების გარეშე, მთავარი საფინანსო დოკუმენტის მიღებას გადაუდებელი აუცილებლობით ხსნის. არჩილ თხლაშიძე ამტკიცებს, რომ თელავის მუნიციპალიტეტში 9 იანვარს მომხდარი სტიქიის გამო იძულებულები გახდნენ, ბიუჯეტი ერთ დღეში დაემტკიცებინათ.
„ახალი ბიუჯეტის გარეშე ჩვენ ერთ თეთრს ვერ დავხარჯავდით. თუ ჩვენ არ მივიღებდით 2018 წლის ბიუჯეტს, 9 იანვარს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა შეუძლებელი იქნებოდა“, – განუცხადა knews.ge-ს არჩილ თხლაშიძემ.