ახალი ამბები

ომბუდსმენი გამოძიებას მაჩალიკაშვილების ოჯახთან შუამავლობას სთავაზობს

ომბუდსმენის განცხადებით, მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებისთვის და პანკისის ხეობის აცხოვრებლებისთვის არ არის დამაჯერებელი ის მტკიცებულებები, რომლებიც ბრალმდებელმა ორგანომ გაავრცელა და გამოძიებამ მათ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.

„ოჯახსაც შევთავაზე და საჯაროდაც მინდა გავაკეთო ეს შეთავაზება: სახალხო დამცველი გამოძიებას სთავაზობს, რომ ჩვენ ვიყოთ ის სივრცე, სადაც ისინი შეძლებენ ოჯახთან კომუნიკაციას. ვთავაზობთ, რომ გარკვეული შუამავლის თუ ხიდის როლი შევასრულოთ, რათა ის ინფორმაცია, რისი მიწოდებაც შეიძლება, მაქსიმალურად იქნებს მიწოდებული ოჯახისთვის. ამ ადამიანებს აქვთ ძალიან დიდი უსამართლობის გრძნობა. ვფიქრობ, რომ გამოძიებამ მათ გარკვეულ კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს. რა თქმა უნდა, ის კითხვები, რაც ოჯახის წევრებს უჩნდებათ, გვიჩნდება ჩვენც“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

გუშინ სახალხო დამცველი პანკისის ხეობაში ჩავიდა. ნინო ლომჯარია პანკისის სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს, ადგილობრივ პედაგოგებს და უხუცეს ქალთა საბჭოს წევრებსა შეხვდა. ლომჯარიამ, ასევე, შეხვედრა გამართა უხუცესთა კავშირის წევრებთან და სალაფიტური თემის წარმომადგენლებთან.