სიღნაღის ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯი 490 900 ლარით გაიზარდა
მთავარი ფინანსური დოკუმენტით, ადმინისტრაციული ხარჯები და მერიასა და საკრებულოში თანამშრომელთა ხელფასები იზრდება. საკრებულოს თავმჯდომარის, ილია ხატიაშვილის ინფორმაციით, ადმინისტრაციულმა ხარჯმა 490 900 ლარით მოიმატა, საიდანაც 189 000 ლარი დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზეა გათვალისწინებული.
,,მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯები, ჯამში, 2 მილიონ 477 000 ლარს შეადგენს. ამ მიმართულებით თანხა მომავალი წლის ბიუჯეტში გაზრდილია 490 ათას 900 ლარით. აქედან 189 000 ლარია შრომის ანაზღაურება. ხელფასები გაზრდილია დასაქმებულთა თანამდებობის მიხედვით. ამ საკითხზე შეიძლება ვიღაცას დაებადოს კითხვა, რატომ იზრდება, მაგრამ აქ საუბარია იმ კვალიფიციური კადრების შენარჩუნებაზე, რომელიც გვყავს. გამოცდილი კადრი ძალიან ჭირს და თუ არ შევინარჩუნეთ ისინი, ჩვენი საქმიანობა არ იქნება შედეგიანი. ჩვენ გვინდა, სტიმული მივცეთ ჩვენს თანამშრომლებს, რომ მათი მუშაობა იყოს წარმატებული”,- განუცხადა knews.ge-ს ილია ხატიაშვილმა.