პესტიციდებსა და აგროქიმიკატებზე კონტროლი მკაცრდება
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შემოტანის, შენახვის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესების დამრღვევი პირი დაჯარიმდება 200 ლარით, ხოლო 1 წლის განმავლობაში აღნიშნული ქმედების განმეორების შემთხვევაში სანქცია 400 ლარით განისაზღვრება.
,,არარეგისტრირებული, ვადაგასული, უხარისხო პესტიციდის ან აგროქიმიკატის ბაზარზე განთავსებისთვის 200 000 ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე პირი დაჯარიმდება 2 000 ლარით, ხოლო 200 000 ლარის ან მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირი — 4 000 ლარით. 1 წლის განმავლობაში აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისას ჯარიმა ორმაგდება. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირი (გარდა ინდმეწარმისა და საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა) დაჯარიმდება 50 ლარით, ხოლო იურიდიული პირი, ინდმეწარმე, საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი — 200 ლარით. წლის განმავლობაში იმავე ქმედების განმეორებისას ჯარიმის ოდენობა ორმაგდება”, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
კახელი ფერმერები და მევენახეები პესტიციდების უხარისხობასთან ერთად ქიმიკატების მაღალ ფასზეც ჩივიან.
,,წელს ძალიან ძვირი დაგვიჯდება ნაკვეთების დამუშავება. ისედაც ძალიან გვიჭირს, ბევრი ხაჯია, სასუქი, შხამქიმიკატები, საწვავი, მორწყვა და სხვა ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. ყველაზე დიდი პრობლემა უხარისხობის გარდა მისი სიძვირეა. ფულს ვიხდით, ვყიდულობთ და უმეტესობა უხარისხოა. არც პროდუქცია მოდის და გვრჩება ვალები გადასახდელი, ამიტომ ხალხი იძულებულია, მიწები გაყიდოს”, – განუცხადა knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ფერმერმა გოგი ბადურაშვილმა.
სურსათის ეროვნულ სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურიშვილი აღნიშნავს, რომ პესტიციდების და აგროქიმიკატების შესახებ საქართველოს კანონი მაქსიმალურად დაუახლოვდა ევროკავშირის სამართლებრივ აქტებს.
,,ჩვენ მუდმივად ვიხილავთ, როგორ ავიცილოთ თავიდან უხარისხო და ფალსიფიცირებული აგროქიმიკატების იმპორტი და რეალიზაცია. მნიშვნელოვანია მუდმივი კომუნიკაცია აგროსექტორში დასაქმებულ ადამიანებთან, რათა მათ ჰქონდეთ სრული ინფორმაცია საკანონმდებლო მოთხოვნებისა და იმ პრეპარატების შესახებ, რომელთა ეფექტიანობაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მოსავლის ხარისხი და, შესაბამისად, ფერმერის შემოსავალი. პესტიციდების და აგროქიმიკატების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა მაქსიმალურად დაუახლოვდა ევროკავშირის სამართლებრივ აქტებს“, – განაცხადა knews.ge-სთან სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
ჩეკურიშვილი მოუწოდებს მომხმარებელს, აგროქიმიკატების შეძენისას ყურადღება მიაქციოს ტარას, რომლის ეტიკეტზეც ინფორმაცია განთავსებული უნდა იყოს ქართულ ენაზე და ამავე დროს პრეპარატები უნდა იყოს დაფასოებული.
„პესტიციდის შერჩევისას ზუსტად უნდა განისაზღვროს, გამართლებულია თუ არა მის შესაძენად საჭირო ხარჯის გაწევა. კარგად უნდა შეფასდეს, რა უფრო მომგებიანია: ქიმიური წამლობის ღირებულების გაღება და ამით მოსავლის გაუმჯობესება თუ თანხის დაზოგვა წამლობაზე და შედარებით ნაკლები მოსავლის მიღება? ქიმიური წამლობის ჩატარება მაშინ არის გამართლებული, თუ მისი ფასი ნაკლებია შენარჩუნებული მოსავლის ფასზე. პესტიციდის შეძენისას მნიშვნელოვანია მისი ხარჯვის საჰექტრო ნორმისა და წამლობის ჯერადობის გათვალისწინება. პესტიციდების შეძენა რეკომენდირებულია მხოლოდ სპეციალიზირებულ მაღაზიაში. მომხმარებელი უნდა დარწმუნდეს, რომ ნამდვილად იმ საჭირო პრეპარატს ყიდულობს, რომელიც მცენარეთა დაცვის სპეციალისტმა ან გამოცდილმა აგრონომმა ურჩია“, – აღნიშნავს ჩეკურიშვილი.
პესტიციდების მოხმარებისა და რეალიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებ–გვერდზე: http://nfa.gov.ge/uploads/other/5/5413.pdf”