იორმუღანლოელი მეცხვარეების გასაჭირი
ფერმერების მტკიცებით, პირუტყვის გაყვანა მეზობელი სოფლების ტერიტორიაზე უწევთ, რომელიც ადგილობრივებს შორის კამათსა და უთანხმოებას იწვევს. სოფელ იორმუღანლოს მცხოვრები რაჰილ რასულოვი ამბობს, რომ პრობლემის მოგვარება ადგილობრივ ხელისუფლებას ბევრჯერ სთხოვეს, მაგრამ უშედეგოდ.
,,სოფელში ყველაზე მეტად საძოვრების პრობლემა გვაწუხებს. საძოვრები ძალიან მცირე ფართობზეა. 250 ჰექტარი საძოვარი მაქვს მხოლოდ, თუმცა ეს ძალიან მცირე ტერიტორიაა, რადგან 2500 ცხვარი და 80 ძროხა მყავს. საძოვრების სიმცირის გამო ცხვრების ნაწილი სხვა სოფლის ტერიტორიაზე მიმყავს. ეს პრობლემა მხოლოდ მე არ მაწუხებს. სხვა მეცხვარეებიც ჩივიან საძოვრების ნაკლებობაზე. ხელისუფლებას ბევრჯერ ვთხოვეთ დახმარება, მაგრამ ყურადღებას არავინ არ გვაქცევს”, – განუცხადა ,,knews.ge”–ს სოფელ იორმუღანლოს მკვიდრმა რაჰილ რასულოვმა.
ადგილობრივები წინა ხელისუფლების დროს მათ საკუთრებაში არსებული საძოვრების გაყიდვაზე საუბრობენ. მათი მტკიცებით, საძოვრები უცხო წვეყნის მოქალაქეებზე ისე გასხვისდა, რომ ამის შესახებ ისინი ინფორმირებულები არ იყვნენ.
,,პირუტყვი გამოსაკვებად დაგვყვავს სხვა სოფლის საძოვრებზე და ეს დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. წინა ხელისუფლების დროს ჩვენს საკუთრებაში არსებული საძოვრები ისე გაყიდეს, რომ ჩვენთვის არც კი უკითხავთ. რაც ჩვენი საძოვრები უკანონოდ გაყიდეს, ამის შემდეგ არის ეს პრობლემა”,– აღნიშნავს knews.ge–სთან საუბრისას სოფელ იორმუღანლოს მკვიდრი აიდინ ისაევი.
ადგილობრივები ასევე ჩივიან პრუტყვის რეალიზაციის პრობლემაზეც. ფერმერები ამბობენ, რომ ბაზრის არსებობის მიუხედავად მათი ცხვარი ძნელად იყიდება და გარკვეული მაქინაციებით შემოსავალს ერთეულები ირებენ. ისინი ცხვრის გადასარეკი ტრასების არარსებობაზეც ამახვილებენ ყურადღებას.
„ცხვარს კი კარგი ფასი აქვს, ბაზარიც არის, მაგრამ ძალიან ძნელად იყიდება. ცხვარს ერთი და იგივე მეცხვარეები ყიდიან საეჭვო მაქინაციებით. გარდა ამისა, არ არის ცხვრის გადასარეკი ტრასა, რომელიც ჩვენს სოფელზე გაივლის. ასევე ერთი სერიოზული პრობლემაა ისიც, რომ როდესაც ცხვარს მივერეკებით, გზაში არ არის წყალი რომ ცხვარმა დალიოს. ხომ შეიძლება ცხვრის დასარწყულებელი სისტემა მოაწყონ“, – აღნიშნავს რაჰილ რასულოვი.
იორმუღანლოს თემში მცხოვრები მეცხავრეების პრობლემების შესახებ ინფორმირებულები არიან საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში. საგარეჯოს ვიცე მერის, პაატა ასართაშვილის ინფორმაციით, საძოვრები, რომლებიც წინა ხელისუფლებამ გაასხვისა, მოსახლეობის საკუთარებაში არ ყოფილა.
„წინა ხელისუფლებამ 5000 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გაასხვისა კომპანია „ჯორჯია ფროჯექთ ვორზე“. კომპანია მიწის ნაკვეთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაეცა. ამ ნაკვეთში 90% იყო სახნავი, სათიბი და ძალიან მცირე იყო საძოვარი, თუმცა ეს მიწები არ ყოფილა მოსახლეობის საკუთრებაში. მე ვიცნობ ამ პრობლემას, მაგრამ მათ ამ დრომდე მუნიციპალიტეტის მერიისთვის არ მოუმართავთ. 2013 წელს საგარეჯოს მაშინდელი მაჟორიტარი დეპუტატი თინა ხიდაშელი მოსახლეობასთან ერთად შეხვდა ამ კომპანიის წარმომადგენლებს. მახსოვს მაშინ ამ კომპანიამ სოფლის განაპირას მდებარე საძოვრები მოსახლეობას დაუთმო. სახნავ მიწებს, ბუნებრივია, მათ არავინ არ გადასცემდა. ისინი წლების განმავლობაში იყვნენ მიჩვეულები, რომ სახნავ მიწებს საძოვრებად იყენებდნენ“, – განუცხადა knews.ge–ს პაატა ასართაშვილმა.
ასართაშვილი ცხვრის გადასარეკი ტრასების საკითხსაც ეხმაურება.
„ცხვრების გადასარეკი ტრასა სახელმწიფოს მიერ არის დადგენილი. იორმუღანლოს თემში მცხოვრები მეცხვარეები მომთაბარეები არიან. მათ სურთ, რომ ცხვრის გადასარეკი ტრასა მათ სოფელზე გადიოდეს და ისე წვაიდნენ მაგალითად დედოფლისწყაროში, სიღნაღში და ა.შ. მაგ სოფელზე ვერ გაივლის ტრასა. იმ ტერიტორიაზე, სადაც ისინი გამოვლას ითხოვენ, არის კერძო საკუთრება. არხის მიმდებარე ტერიტორიაზე აქვთ ალტერნატიული გზა, მაგრამ მათ ეს პრობლემა შორი მანძილის გამო აქვთ. ცხვრის გადასარეკი ტრასა აბსოლუტურად სხვა მხარეს არის. ტრასა იწყება სოფელ პატარძეულის მინდვრებიდან, რომელიც გამოდის ნინოწმინდის მინდვრებში, სოფელ უდაბნოზე გადის და ჩადის სიღნაღამდე“, – ამბობს ასართაშვილი.