თელავის მერი – ბიუჯეტის საჯარო განხილვა აუცილებლად გაიმართება
„ჩვენი სურვილი ნამდვილად არ იყო, რომ საჯარო განხილვის გარეშე დამტკიცებულიყო 2018 წლის თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, მაგრამ სტიქიის გამო იძულებულები გავხდით საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გაგვეტანა მთავარი საფინანსო დოკუმენტის დამტკიცების საკითხი. მზად ვართ ბიუჯეტის კორექტირებაზე აქტიურად ვიმუშაოთ. მართალია ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია, მაგრამ მისი საჯარო განხილვა აუცილებლად გაიმართება და ყველა ის შენიშვნა და მოსაზრება, რომელიც გასათვალისწინებელია, აუცილებლად აისახება ბიუჯეტში“, – განუცხადა Knews.ge-ს შოთა ნარეკლიშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგგარეშე სხდომაზე, დაჩქარებული წესით, 2018 წლის ბიუჯეტი 10 იანვარს დაამტკიცა. აღსანიშნავია, რომ მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა არ ყოფილა და არც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს არ ჰქონდათ ბიუჯეტის გაცნობის შესაძლებლობა. საკრებულოს თავმჯდომარის, არჩილ თხლაშიძის მტკიცებით, თელავის მუნიციპალიტეტში 9 იანვარს მომხდარი სტიქიის გამო იძულებულები გახდნენ, ბიუჯეტი ყოველგვარი პროცედურების დაცვის გარეშე დაემტკიცებინათ. მესამე სექტორში ამბობენ, რომ ბიუჯეტის პროექტი კანონდარღვევით მიიღეს, რადგან არ ყოფილა დოკუმენტის საჯარო განხილვა. თელავის მუნიციპალიტეტის 2018 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 18 მილიონ 741 ათას 800 ლარით განისაზღვრა. სახელფასო ფონდზე გათვალისწინებულია 3 მილიონამდე ლარი. ინფასტრუქტურის მიმართულებით განსაზღვრულია 5 მილიონ 307 ათასი ლარი, განათლების დაფინანსებისათვის გამოყოფილია 4 მილიონ 102 ათასი ლარი. სოცილაური მიმართულებით დაგეგმილია 1 მილიონ 630 ათასი ლარის დახარჯვა. კულტურისა და სპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის კი განსაზღვრულია 3 მილიონი ლარი.