კოლეჯ ,,აისის’’ სტუდენტები სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებლებში შეძლებენ
პროექტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ხელშეწყობით კახეთში ახორციელებს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო კომპონენტის შეტანა პროფესიულ სწავლებაში. უწყების ცნობით, პილოტირების შედეგად, პროფესიულ განათლებაში, შემუშავდება სისტემური ცვლილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს „საგანმანათლებლო ჩიხის“ დაძლევას და შესაძლებლობას მისცემს კოლეჯების სტუდენტებს, სურვილის შემთხვევაში სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელონ.
,,ახალი პროექტის პილოტირებაში მონაწილეობს კაჭრეთის საზოგადოებრივი კოლეჯი ,,აისი“. აღნიშნული სასწავლებლის პილოტირებაში ჩართული რამდენიმე კურსდამთავრებული სწავლის დასრულების შემდეგ მიიღებს როგორც პროფესიულ კვალიფიკაციას, ასევე უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. პროფესიულ სასწავლებლებში ზოგადსაგანმანათლებლო განათლების პილოტირების მხარდაჭერა 2018 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება. მომავალში მსგავსი მოდელი საქართველოს ყველა კოლეჯში დაინერგება’’, – განაცხადეს განათლების სამინისტროში.