ახალი ამბები

პანკისში თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ეპიზოდს დამოუკიდებელი ექსპერტი შეისწავლის

როგორც knews.ge–ს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა, დამოუკიდებელი ექსპერტი დაადგენს, იყო თუ არა მაჩალიკაშვილის მიმართ სროლა გადაუდებელი აუცილებლობა. 
„დამოუკიდებელმა ექსპერტმა უნდა დაადგინოს იყო თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ სროლა გადაუდებელი აუცილებლობა. დამატებით დეტალებზე იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც დამოუკიდებელი ექსპერტი სეისწავლი, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, რათა მათზე ზემოქმედება არ მოახდინონ. მე და მაია ნიკოლეშვილმა შესაბამისი ხელშეკრულებაც გავაფორმეთ“, – განუცხადა knews.ge–ს მარიამ კუბლაშვილმა. 
მაია ნიკოლეშვილის განცხადებით, კონკრეტულ დეტალებზე, თუ რა ღონისძიებებს გაატარებს თემირლან მაჩლიკაშვილის დაჭრის ეპიზოდის შესწავლისას, კონფიდენციალურობიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს. 
„გუშინ საღამოს ადვოკატთან მქონდა შეხვედრა, ვისაუბრეთ და გავაფორმეთ ხელშეკრულება ექსპერტიზაში მონაწილეობაზე. შეიძლება ითქვას, უკვე დავიწყე მუშაობა, თავდაპირველად დოკუმენტებს გავეცნობი, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები, ადვოკატის მოთხოვნაა, რომ არ ვისაუბრო“, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.
რაც შეეხება იმას, ხომ არ განხორციელდა შემთხვევის ადგილზე გარკვეული ცვლილებები ან მისთვის ხელისშემშლელი ხომ არ იქნება საგამოძიებო უწყებების მიერ მაჩალიკაშვილის ოთახში გუშინ ჩატარებული მოქმედებები, დამოუკიდებელი ექსპერტის თქმით, მაჩალიკაშვილის ადვოკატისგან აქვს ინფორმაცია, რომ შემთხვევის ადგილი დაცულია.
„არ ვიცი შემთხვევის ადგილი არის თუ არა შეცვლილი. როგორც ადვოკატისგან ვიცი, დაცულია შემთხვევის ადგილი, მაგრამ საგამოძიებო უწყებების მიერ დათვალიერების შემდეგ შეიცვალა თუ არა – უბრალოდ, არ ვიცი“, -აღნიშნა მაია ნიკოლეიშვილმა.
მაია ნიკოლეიშვილი ვერ აკონკრეტებს, რა დრო დასჭირდება მის ექსპერტულ დასკვნას. საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვის გადაწყვეტილება თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა მიიღო. თემირლან მაჩალიკაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. მას ქალა ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.