პროკურატურამ პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რომელიც სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტს გულისხმობს.
„საქართველოს პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, მოქალაქე თ.მ. – ს ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამჟამად ტარდება ყველა გადაუდებელი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება. შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, – განაცხადეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში.
სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში გუშინ გამთენიისას ჩატარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისსა და ომალოში დააკავა 4 პირი: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილი და ტემირლან მაჩალიკაშვილი, ხოლო თბილისში – რამაზ მარგოშვილი. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. სუსის ინფორმაციით, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ტემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა, წინაარმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რომლის დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, სამართალდამცავებმა მაჩალიკაშვილს ესროლეს, რის შედეგადაც ის დაიჭრა. მაჩალიკაშვილს ნეიროქირურგიული ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა. მას ქალა ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს და დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე ისევ საკმაოდ მძიმეა. ის თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
როგორც knews.ge–ს საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა, ტემირლან მაჩალიკაშვილი მართვით სუნთქვაზე რჩება.