სუსი – პანკისში დაკავებულებმა უზრუნველყვეს ახმედ ჩატაევის საქართველოში უკანონოდ შემოსვლა
სუს–ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, პანკისში სპეცოპერაციის დროს დაკავებულებმა უზრუნველყვეს ახმედ ჩატაევის და მისი თანამზრახველების ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, მათი დროებითი საცხოვრებელი მისამართიდან საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე, ხოლო შემდეგ დაეხმარნენ ამავე მონაკვეთით საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში. ნინო გიორგობიანის განცხადებით, მათ, ასევე, უზრუნველყვეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების თბილისამდე ჩამოყვანა, დახმარება გაუწიეს ბინის ქირაობასა და იარაღის მოძიებაში.
„სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 5 პირი დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, დღეს დილით თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, დუისსა და ომალოში დაკავებულ იქნა საქართველოს 5 მოქალაქე: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი. დაკავებული პირები დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს“, – განაცხადა ნინო გიორგობიანმა.
მისივე ინფორმაციით, ტემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა, წინაარმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რომლის დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, სამართალდამცავებმა მაჩალიკაშვილს ესროლეს, რის შედეგადაც მან თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება.
როგორც knews.ge–ს სოფელ დუისში მერის წარმომადგენელმა, თამარ მარგოშვილმა განუცხადა, მაჩალიკაშვილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
გამოძიება მიმდინარეობს 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რომელიც ტერორიზმის დაფინანსებას , ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. დანაშაული სასჯელის ზომად 17–დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.