სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების მიზნით ახალი პროექტი იწყება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა სოფრომაძის განცხადებით, 2018 წელს დაიწყება პროექტი, რომლის მთავარი მიზანი სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმებაა. მისივე თქმით, პროექტის მიხედვით, რეგიონებში არსებულ ვაკანსიებს, დასაქმების დეპარტამენტი, უპირველეს ყოვლისა, იმ შრომისუნარიან მოქალაქეებს შესთავაზებს, რომლებიც სოციალურად დაუცველ ოჯახებში ცხოვრობენ.
„მომავალ წელს ახლებურად ჩამოვაყალიბებთ სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამებს. ეს პროექტი განხორციელდება ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად და, პირველ რიგში, ითვალისწინებს სწორედ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სამუშაოს შეთავაზებას. პროექტი დაიწყება 2018 წელს და გულისხმობს იმას, რომ რეგიონებში თავისუფალი სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან პირებს, რათა მათი მდგომარეობა გავაუმჯობესოთ და რეგიონებში დასაქმების სერვისების განვითარება ვუზრუნველყოთ“, – განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.