„დედოფლისწყაროს 2018 წლის ბიუჯეტის დიდი ნაწილი ხელფასებზეა გათვალისწინებული”
მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარი საკრებულოს ცხრამეტმა წევრმა, მათ შორის, ოპოზიციის ნაწილმაც დაუჭირა. 2018 წლის ბიუჯეტი 6 მილიონ 409 ათასი ლარით განისაზღვრა.
დედოფლისწყაროს მერიის ინფორმაციით, მთავარ საფინანსო დოკუმენტში ყველაზე მეტი თანხა ჯანდაცვის პროგრამის, სკოლამდელი განათლების, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დაფინანსებისა და კულტურული ღონისძიებების მიმართულებით არის გათვალისწინებული.
2018 წლის ბიუჯეტს აკრიტიკებს ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი. ,,ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრის, ლევან ბაღაშვილის თქმით, 2017 წელთან შედარებით მომავალი წლის ბიუჯეტი იზრდება, თუმცა თანხის უმეტესობა მოსახლეობის პრობლემების მოგვარების მაგივრად ხელფასების ზრდაზეა გამოყოფილი. ბაღაშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტის ამ სახით მიღება არასწორია.
,,2018 წლის ბიუჯეტი, საკუთარ შემოსავლებში 2017 წელთან შედარებით იზრდება. თუმცა ამ თანხის დიდი ნაწილი სხვადასხვა სამსახურის გამოყოფა-დამატებაზე და ხელფასების ზრდაზეა გათვალისწინებული. „დედოფლისწყაროს 2018 წლის ბიუჯეტის დიდი ნაწილი ხელფასებისთვის არის განსაზღვრული” შესაძლებელი იყო ბიუჯეტი არ მიეღოთ ასეთი სახით და უფრო გონივრულად გადაენაწილებინათ მოსახლეობის საჭიროებებზე’’, –განუცხადა Knews.ge-ს ლევან ბაღაშვილმა.
დედოფლისწყაროს მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ელენე ბაიაშვილი განმარტავს, რომ მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში განსაზღვრული არ არის თანამშრომელთა სახელფასო დანამატები და პრემიები, რის გამოც ბიუჯეტი 237 100 ლარით გაიზარდა. მისივე თქმით, მერიისა და საკრებულოს თანამშრომელთა ანაზღაურებამ 30%–ით მოიმატა.
,,მომავალი წლის ბიუჯეტიდან ამოღებულია ყველანაირი პრემია, დანამატი და მის ხარჯზე გაიზარდა დასაქმებულთა ხელფასები 30%–ით. აღნიშნული თანხების შემცირებამ გამოიწვია ბიუჯეტის 237 100 ლარით გაზრდა. გასულ წელს სახელფასო ფონდი 1 125 900 ლარით იყო განსაზღვრული და წელს გაიზარდა. საკრებულოს და მერიის თანამშრომლების ხელფასებზე, ჯამში, 1 363 000 ლარი დაიხარჯება. 2018 წლის ბიუჯეტმა 6 მილიონ 409 ათასი ლარი შეადგინა, თუმცა 2017 წლის ნაშთია გადასანაწილებელი, რომელიც დაახლოებით 2 მილიონი ლარია. აღნიშნული თანხა პირველი იანვრიდან გადანაწილდება ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე,’’– განუცხადა knews.ge-ს ელენე ბაიაშვილმა.