იანვრიდან საჯარო სამსახურის რეფორმა იგეგმება
ცვლილებები ეხება საჯარო მოხელეთა გამოსაცდელი ვადით აყვანასაც. საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელის ეკატერინე ქარდავას განმარტებით, ახალი კანონი საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანთა სამართლებრივი სტატუსისა და კატეგორიების განსაზღვრას შეწყობს ხელს.
„6 თვის ნაცვლად მოხელეებს გამოსაცდელი ვადა ექნებათ 12 თვე. ასევე, სიახლეს წარმოადგენს მოხელეთა შეფასების სისტემაც, რომელიც ეფუძნება მის მიერ წლის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოს. ყოველწლიურად საჯარო მოხელეთა შეფასების სისტემა დაეფუძნება მის მიერ გაწეულ სამუშაოს.
კანონში შესული ცვლილებები საჯარო მოხელისთვის პრემია-დანამატის მიღების წესს განსაზღვრავს. ამ ინიციატივის მიხედვით, სახელწოდება „პრემია“ იცვლება „ჯილდოთი“, დგინდება ზედა ზღვარიც. მოხელეები ყოველწლიურად შეფასებას ექვემდებარებიან და შეფასების შედეგებიდან გამომდინარე მოხელის საქმიანობა თუ შეფასდება როგორც საუკეთესო, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეეძლება მან წახალისების საშუალებად მიიღოს ფულადი ჯილდო. მაქსიმუმი არის წლიური თანამდებობრივი სარგოს 10%,” – განაცხადა ეკატერინე ქარდავამ.
რეგიონის განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლოლაძე ამბობს, რომ აღნიშნული ცვლილება საჯარო მოხელეების დაუსაბუთებლად გათავისუფლებას მაქსიმალურად შეამცირებს. სიახლეა საჯარო სამსახურში დასაქმებული პირისთვის კლასის მინიჭების საკითხიც.
„ამ კანონის საფუძველზე დაცული გახდა საჯარო სამსახური და საჯარო მოხელეები. ნებისმიერი საჯარო მოხელის გათავისუფლება შეუძლებელი იქნება თუ მან არ ჩაიდინა მძიმე დისციპლინარული გადაცდომა და ზედიზედ ორჯერ მიიღო უარყოფითი შეფასება. კანონის მიხედვით განისაზღვრა, რომ სამსახურის უფროსმა უნდა შეაფასოს საჯარო მოხელე. შესაძლოა ხელმღვანელმა საჯარო მოხელე შეაფასოს არა კანონის დაცვით, არამედ პირადი შეხედულების საფუძველზე. ამ შემთხვევაში საჯარო მოხელეს შეუძლია შეფასების პროცესში მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტი და ისიც მონაწილეობდეს ამ შეფასებაში. ასევე სიახლეა კლასების მინიჭების პრინციპის შემოღება. საჯარო სამსახურში მუშაობის ერთი წელი ერთ კლასს უდრის. სულ იქნება 12 კლასი. ამ სიახლის მოტივი ისაა, რომ პირს, რომელიც საჯარო სამსახურში მუშაობს, სტაჟისა და გამოცდილების დაგროვების მეტი მოტივაცია ჰქონდეს. თუ საჯარო მოხელე წამოვა სამსახურიდან მას შეუნარჩუნდება ის კლასი და სტაჟი, რაც დააგროვა“, – განუცხადა knews.ge–ს ნინო ლოლაძემ.
კანონსი შესულ ცვლილებებთან შენიშვნები აქვს მოქალაქეთა გარკვეულ ნაწილს. ქალაქ თელავში მცხოვრები ბექა ყარაულაშვილი მიიჩნევს, რომ ოთხივე რანგის თანამდებობის დაკავება ნებისმიერ პირს უნდა შეეძლოს იმის მიუხედავად დასაქმებულია თუ არა საჯარო სამსახურში. ყარაულაშვილის შეფასებით, კანონსი შესული ეს ცვლილება სერიოზული ხარვეზია.
„იმ პირს, რომელსაც აქვს კერძო სამსახურში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება, მაღალი რანგის თანამდებობაზე მუშაობის დაწყება ეზღუდება. ჯერ მას დაბალი რაგნის პოზიციაზე მოუწევს მუშაობის დაწყება და შემდეგ სამსახურის უფროსმა უნდა შეაფასოს მისი კვალიფიკაცია და ამის მიხედვით დაწინაურდეს. შესაძლოა სამსახურის უფროსს ნაკლები კვალიფიკაცია ჰქონდეს, ვიდრე მეოთხე რანგზე მყოფ საჯარო მოხელეს, რომელმაც დიდი გამოცდილების მიუხედავად ყველაზე დაბალი რანგის თანამდებობა დაიკავა. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ადამიანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დასაქმდეს ნებისმიერი რანგის თანამდებობაზე“, – განუცხადა knews.ge–ს ბექა ყარაულაშვილმა.
კანონში შესული ცვლილებები ეკონომიურობისა და ეფექტურობის შესახებაცაა შესული. კანონში, ასევე, ჩნდება ახალი ჩანაწერი, რომელიც საჯარო მოხელეს ავალდებულებს ბიუჯეტის თანხების ეფექტურად განკარგვას.