რა მიმართულებები განისაზღვრა დედოფლისწყაროს 2018 წლის ბიუჯეტში
დედოფლისწყაროს მერიაში აცხადებენ, რომ ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა უკვე გაიმართა და მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი დამტკიცდება, მოსახლების შენიშვნებსა და საჭიროებებს გაითვალისწინებენ.
დედოფლისწყაროს მერის მოადგილის, მალხაზ მერაბიშვილის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტმა 6 მილიონ 409 ათასი ლარი შეადგინა.
,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 5 515 900 ლარით განისაზღვრა, ხოლო ხარჯვითი ნაწილი 6 351 500 ლარს შეადგენს. მთლიანად კი ბიუჯეტის პროექტმა 6 409 ათასი ლარი შეადგინა. მომავალ წელს ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციიისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 60 000 ლარი დაიხარჯება, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის 665 000 ლარი. ასევე, სპორტისა და ახალგაზრდული საქმიანობისთვის ბიუჯეტიდან 279 000 ლარია გამოყოფილი, დასუფთავების ღონისძიებებისთვის – 670 000ლარი, გარე განათების მოწყობა – რეაბილიტაციის ღონისძიებებისთვის კი 270 000 ლარი. 2018 წელს 300 000 ლარით გაიზრდება სკოლამდელი განათლების დაფინანსება და ის 1 600 000 ლარით განისაზღვრება. საბიუჯეტო წლის დასაწყისში 2018 წლის 1 იანვრისთვის არსებული ნაშთი გადანაწილდება სხვადასხვა მიმართულებებით. ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას საკრებულო კენჭს უახლოეს სხდომაზე უყრის’’, –განუცხადა Knews.ge-ს მალხაზ მერაბიშვილმა.
მალხაზ მერაბიშვილის ინფორმაციით, მერია, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს.
,,ვგეგმავთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიურ თამანშრომლობას. ამ კუთხით ადგილობრვ ბიუჯეტში გამოიყოფა თანხა. ვგეგმავთ არასამთავრობო სექტორთან ერთად ერთობლივი პროექტების განხორციელებას თანადაფინანსების სახით. 2018 წლის ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით სავარაუდოდ 200 000 ლარამდე დაიხარჯება’’– განუცხადა knews.ge-ს მალხაზ მერაბიშვილმა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი თანხა სოციალურ მიმართულებებზე უნდა დაიხარჯოს.
,,ცუდ დღეშია ხალხი, უმეტესობის სოციალური მდგომარეობა გაუსაძლისია, ბანკის ვალები აქვთ აღებული და აღარ იციან, რა ქნან. ვფიქრობ, ადგილობრივი თვითმმართველობა მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე უნდა ზრუნავდეს. მომავალი წლს ბიუჯეტიც ამ მიმართულებით უნდა იყოს დამუშავებული. ხელისუფლებამ ისეთი საკითხების უნდა გაითვალისწინონ, რომელიც ადგილობრივების დასაქმებას შეუწყობს ხელს. შესაძლებელია მცირე ბიზნეს იდეებიც დაფინანსდეს, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას და დაუსაქმებელი ახალგაზრდების რიცხვი შემცირდეს’’, –განუცხადა Knews.ge -ს დედოფლისწყაროელმა ლალი ფიროსმანაშვილმა.