სოფელ შრომაში კოლეჯ “აისის” ფილიალი გაიხსნა
ლაგოდეხის ფილიალში პროფესიულ პროგრამებზე სწავლა უკვე დაიწყო. როგორც კოლეჯის დირექტორმა, მალხაზ ასლამაზაშვილმა knews.ge-ს განუცხადა, სტუდენტები პროფესიულ განათლებას სატყეო საქმისა და კულტურული მემკვიდრეობის გიდის მიმართულებით მიიღებენ.
“კოლეჯ “აისის” ლაგოდეხის ფილიალი ორ პროფესიულ პროგრამაზე 28 სტუდენტს მიიღებს. სტუდენტები დაეუფლებიან სატყეო საქმისა და კულყურული მემკვიდრეობის გიდის პროფესიებს. ამ ეტაპზე ავტორიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რის შემდეგაც სასწავლო პროგრამების ზუსტი ჩამონათვალი გახდება ცნობილი”, – განუცხადა knews.ge-ს მალხაზ ასლამაზაშვილმა.
პროფესიული სასწავლებლის გახსნას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია დაესწრნენ და სტუდენტებს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცეს. მათი ინფორმაციით, შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთა საჭიროებებზე და სასწავლო კორპუსის განახლების გარდა, დაგეგმილია სტუდენტების საერთო საცხოვრებელის რეაბილიტაციაც.
“ლაგოდეხის ფილიალში სამოვალოდ იგეგმება სხვადასხვა პროფესიის დამატება. ვფიქრობთ, რომ ეს ხელს შეუწყობს ლაგოდეხში ეკონომიკის განვითარებას იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ გვეყოლება კადრები, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე შეისწავლონ საქმე, გაიარონ პრაქტიკა და მოთხოვნების შესაბამისად დასაქმდნენ”, – განუცხადა knews.ge-ს ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა.
პროფესიულ კოლეჯში სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. სხვადასხვა პროგრამის ხანგრძლივობა 8 თვიდან იწყება და 3 წლამდე გრძელდება. კოლეჯ “აისის” ორი ფილიალი ფუნქციონირებს დედოფლისწყაროსა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.