ესტონეთი – ჩვენი კარგი მეგობარი ევროკავშირში
მიუხედავად იმისა, რომ ესტონეთში 1.3 მილიონი მოსახლე ცხოვრობს და ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყანაა, ის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრია. ამჟამად ესტონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, რომელიც როტაციის პრინციპით 1 ივლისს გახდა. ესტონეთს „სურს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ამბიციური ინიციატივა ევროკავშირის ყურადღების ცენტრში დატოვოს“ და ხელს შეუწყობს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას „აღმოსავლელი პარტნიორების ევროკავშირთან დასაახლოებლად“.
ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის – სვენ მიკსერის განცახდებით, „ესტონეთი ამაყობს, რომ თავმჯდომარეობის ფარგლებში მიმდინარე ნახევარ წელიწადში ჩვენ ვუხელმძღვანელებთ მთელი ევროკავშირის ქმედებებს, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს 500 მილიონიანი მოსახლეობის ბედზე და ამ დიდი გაერთიანების ფორმირების პრიორიტეტებზე.
ესტონეთისა და მისი მეზობელი ქვეყნებისათვის: ლატვიისა და ლიტვასთვის მუდმივი პრიორიტეტია აღმოსავლეთ პარტნიორობა, ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება ევროკავშირის სამეზობლოსთან. აქედან გამომდინარე, ესტონეთის ერთ-ერთი ბუნებრივი პრიორიტეტია 2017 წლის მეორე ნახევრიდან უფრო მეტი კომუნიკაცია და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში განსაზღვრავს ურთიერთობების სტრუქტურას ექვს ქვეყანასთან მიმართებაში: ესენია. საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა და ბელარუსი.
ესტონეთის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელის თქმით, ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება არ არის მხოლოდ ლამაზი ფრაზა. ევროკავშირს უკვე აქვს მიღწეული კარგი შედეგები აღმოსავლეთის პარტნიორებთან ღია თანამშრომლობით, რომელმაც მოიტანა მნიშვნელოვანი შედეგები ამ ქვეყნებში მცხოვრები რიგითი ადამიანებისათვის.
უდავოა, რომ ამ პარტნიორობის შედეგად საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან უვიზო რეჟიმის შემოღებამ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პროგრესი შეიტანა.
შენგენის ზონა მოქალაქეებისთვის ეს არის ხელმისაწვდომი შესაძლებლობა.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის შედეგად ცვლილებები ძალიან პოზიტიური და სწრაფი პროგრესით ვითარდება საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან. ეს ყველაზე პროგრესული შეთანხმებებია ევროკავშირსა და მესამე ქვეყნებს შორის. შეთანხმებების წყალობით, ცნობილია, რომ ეს პარტნიორები პოლიტიკურად და ეკონომიკურად უახლოვდებიან ევროკავშირს. ფორმულა
მარტივია: პარტნიორები მიიღებენ ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოებს და ამისათვის თანდათანობით ხდება ხელმისაწვდომობა ევროკავშირის შიდა ბაზარზე. ამ ფორმატის ვალდებულებები, კერძოდ, ქვეყნების მხრიდან რეფორმების განხორციელება, საშუალებას მისცემს ევროკავშირთან კიდევ უფრო ღრმა თანამშრომლობა გააგრძელოს.
საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობისას ვიზიტით აღმოსავლეთ პარტნიორობის თითქმის ყველა სახელმწიფოში ვიმყოფებოდი. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ესტონეთს დიდი ნდობა აქვს რეგიონში, რომ ჩვენი ძალისხმევა ღრმა კვალს დატოვებს და პარტნიორთა მოლოდინი, რომ ესტონეთი, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, კვლავ გააგრძელებს ამ ძალისხმევას, ურყევი რჩება.
აღმოსავლეთ პარტნიორებს კვლავ სჯერათ “ევროპული პროექტის” და მისი ტრანსფორმირება ძალა მდგომარეობს იმაში, რომ თითოეულ ქვეყანას სურს გახდეს ჩვენნაირი. რომ მათი რწმენა უნდა იყოს მხარდაჭერილი.
ჩვენ გვსურს, რომ ამ ქვეყნებს ჰქონდეთ უფრო დემოკრატიული, გამჭვირვალე მმართველობა და პატივი სცენ ადამიანის უფლებებს, ემსახურონ თავის ხალხს და არა კორუფციის ინტერესებს.
პარტნიორ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს მეწარმეებს სურთ თავიანთი ინვესტიციებისა და სამართლებრივი ნორმების დაცვა, ამიტომ, შემდგომი პარტნიორობის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია გავიაზროთ ქმედებები, რომლებიც აძლიერებს ჩვენს საზოგადოებებს, რომელიც საშუალებას მისცემს წარმატებით გაუწიონ ინსტიტუციონალური წინააღმდეგობა დამღუპველი ზეწოლისაგან გარედან, თუ შიგნიდან.
ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში ესტონეთი განაგრძობს ორი ფართო განვითარების მიზანს: პირველი, ეს არის ევროპის პოლიტიკური ყურადღების ფოკუსირება აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდაჭერისთვის და, მეორე მხრივ, უკვე არსებული პარტნიორობის გაუმჯობესება. მას შემდეგ, რაც ასოცირების ხელშეკრულების ინსტიტუციონალური ასპექტები გაძლიერდება, მხარს დავუჭერთ იმ თანამშრომლობის პროექტებს, რომლებიც ადამიანთა ცხოვრების გაუმჯობესებას უწყობენ ხელს.
აუცილებელია, რომ ევროინტეგრაციის პროცესში ევროკავშირის სუბსიდიების იმგვარად წარმართვა, რომ ამ ქვეყნების რიგითი მოქალაქეები იყვნენ ჩართულნი, მონაწილეობდნენ გადაწყვეტილებათა პროცესში. ჩვენ უნდა მივაღწიოთ კავშირს რეფორმის საჭიროებასა და თანმხლებ ზრდას შორის ისე, რომ ადამიანთა ცხოვრების დონე გაუმჯობესდეს. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის საკმარისი ინფორმირება ევროპული ღირებულებების გარშემო, ცხოვრების საერთო კურსის თაობაზე, რათა ადამიანებისთვის გასაგები და ხელშესახები იყოს ამ თანამშრომლობის კონკრეტული სარგებელი. ჩვენ გვჭირდება კარგი ცვლილბები, რათა გავაუმჯობესოთ თანამშრომლობა.“
მოკლედ გაეცანით აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ესტონეთსა და საქართველოს შორის დაწყებული თანამშრომლობის შედეგებს:
2017 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ მინისტრმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ესტონეთი არის საქართველოს ევროინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი.
„ამ მხარდაჭერისა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის წყალობით საქართველო წინ მიიწევს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების გზაზე. უვიზო რეჟიმის შემოღება კი გახლავთ ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითი. ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რათა მადლობა მოვახსენო ესტონეთსა და მის პრემიერ-მინისტრს ამ რთულ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის.
ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა რეფორმების კიდევ უფრო გააქტიურება, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ ევროკავშირთან ასოცირების ყველა პრაქტიკული სარგებელი.
2017 წელი მნიშვნელოვანია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვისაც, რადგანაც წელს აღინიშნება საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავი.
ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობისა და მტკიცე პარტნიორობის შედეგები თავადვე მეტყველებენ ჩვენს წარმატებაზე.
სიამაყით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა სწრაფად ვითარდება ყველა მიმართულებით, რის შედეგად იზრდება ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები და შესაბამისი სტატისტიკა – გასულ წელს დაფიქსირდა 21-პროცენტიანი ზრდა. ჩვენ მივესალმებით ესტონური ინვესტიციების ზრდას, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში, ასევე – ესტონეთში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ესტონელი ტურისტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად მატულობს. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეთათვის ახლახან დამტკიცებული უვიზო რეჟიმი კიდევ უფრო გაააქტიურებს ადამიანებს შორის კონტაქტებს. გარდა ამისა, ის საქართველოს მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, ესტონეთის მაგალითზე თავად გაეცნონ ევროინტეგრაციის დადებით შედეგებს.
„აღმოსავლეთ პარტნიორობა საშუალებას იძლევა, რომ დაცული იქნას ევროპული უსაფრთხოების წესრიგის ფუნდამენტური პრინციპი: ქვეყნების უფლება თავად აირჩიონ საკუთარი მომავალი, განვითარების საკუთარი გზა“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტრომ და დასძინა, რომ „ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ევროპის სამეზობლოში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების გათვალისწინებით, როდესაც ზოგიერთ პარტნიორს კვლავ ემუქრება აგრესია ან ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებაში თავმჯდომარეობის კონკრეტულ გეგმებზე საუბრისას, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანა „განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს პარტნიორ ქვეყნებში სახელმწიფო სექტორის მდგრად რეფორმირებას, სატრანსპორტო და ენერგეტიკული კავშირების განვითარებას, ციფრულ საზოგადოებას, მეწარმეობას და სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე ხალხთა შორის კონტაქტებს“.
„ესტონეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას რესპუბლიკის შემდგომ პოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირში და ასოცირების შეთანხმებების განხორციელებას“, ასევე ხედავს „შესაძლებლობებს სომხეთთან, აზერბაიჯანთან და ბელარუსთან ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის“.
სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა განაგრძოს ფოკუსირება აღმოსავლეთ სამეზობლოში კონფლიქტების მოგვარებაზე და დასძინა, რომ ის „შეეცდება პარტნიორი ქვეყნებისგან მოიპოვოს დაპირება, რომ ისინი უფრო ეფექტურად შეებრძოლებიან კიბერდანაშაულს და კორუფციის დასაძლევად რეფორმებს განახორციელებენ“.
საქართველო ესტონეთის პრიორიტეტებში
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კონკრეტულად საქართველოსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქვეყნის მიერ ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებისკენ განვლილი გზა „შთამბეჭდავია“ და ეს საქართველოსთან ევროკავშირის ფართო და მრავალმხრივი პარტნიორობის დასტურია.
„2014 წლის ივნისში ასოცირების შეთანხმების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ახალ დონეზე გადავიდა“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო უწყებამ.
„საქართველო პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ერთგული რჩება ხანგრძლოვი და არაპოპულარული რეფორმების განხორციელების გზით“, – განაცხადა სამინისტრომ და დასძინა, რომ ქვეყანა „ეკონომიკურ სარგებელს იღებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან: ევროკავშირთან ვაჭრობა იზრდება და დღეს ევროკავშირი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია“.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე შეეხო საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებას. „ეს პროცესი რთული იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში საქართველომ წარმატებული რეფორმებით დაადასტურა თავისი ხარისხი. უვიზო მიმოსვლა მხოლოდ მოგზაურობას არ გულისხმობს; მას ევროპულ ოჯახში მიღების სიმბულური დატვირთვა აქვს“, – განაცხადა სამინისტრომ.
ესტონეთის საგარეო უწყების თქმით, საქართველო მაგალითს წარმოადგენს რეფორმების განხორციელების კუთხით ბევრ სხვა სფეროშიც, რაც იმის დასტურია, რომ ევროკავშირი, რომელსაც თითოეულ პარტნიორთან სხვადასხვა მიდგომა აქვს, რეფორმის პროცესის მიმართ საკუთრების შეგრძნების გაზრდაში ეხმარება. „რაც უფრო მეტი რეფორმა განხორციელდება, თანამშრომლობის მეტი შესაძლებლობები გაჩნდება; ეს თავის მხრივ მოტივაცია იქნება შემდგომი რეფორმების განსახორციელებლად, ვინაიდან საქართველო ეროვნულ კანონმდებლობას ევროკავშირის სტანდარტებს მოარგებს“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო უწყებამ.