ქართული ასკილი და ტყის ვაშლი ექსპორტზე გერმანიაში გავიდა
2 ტონა გამშრალი მაჟალო, რომელიც ბიოსერტიფიცირებულია, საწარმო „კახეთი ბიომ“ გერმანულ კომპანია „როუზ ოფისს” უკვე გაუგზავნა. როგორც knews.ge-ს საწარმოს დირექტორმა ლიზი ხმიადაშვილმა განუცხადა, კომპანია ნედლეულს ადგილობრივი მეწარმეებისგან და კოოპერატივებისგან იბარებს, რომლებიც სამწლიან პროექტში – „ტყის არამერქნული პროდუქტების შეგროვება და გადამუშავება – ქალთა ჯგუფებისთვის ბაზრების მოპოვების შესაძლებლობა“-ში არიან ჩართულები. პროექტს სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, OXFAM საქართველოსა და ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია BLF-ის მხარდაჭერით ახორციელებს.
“ამ ეტაპზე მოითხოვეს 2 ტონა გამშრალი და დაჭრილი მაჟალო. გერმანიაში უკვე გავაგზავნეთ. კოოპერატივებმა, რომლებიც პროექტში არიან ჩართულნი, შეაგროვეს და დაჭრეს, რომელიც ჩირის სახით ვიყიდეთ. ჩვენ, ასევე, გავაგზავნეთ ასკილიც“, – განუცხადა knews.ge-ს ლიზი ხმიადაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მაჟალოს გარდა, გერმანიაში, ასევე, იგეგმება ტყის არამერქრული პროდუქტების ფართო სპექტრის, მათ შორის შავი კუნელის, მაყვლის, ბაბუაწვერასა და სხვა კენკროვანი კულტურების ექსპორტზე გატანა.
„ჩვენი დამკვეთი კომპანია „როუზ ოფისი“ ჩვენ მიერ მიწოდებულ პროდუქტს აწვდის მთელი ევროპის მასშტაბით. შარშან გავიტანეთ ფურისულა. დაგეგმილია შავი კუნელის, მაყვლის, ბაბუაწვერას, მელისკუდასა და კრაზანას გავგზავნა“, – აღნიშნა ლიზი ხმიადაშვილმა.
„კახეთი ბიო“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ფუნქციონირებს. კომპანიის საკუთრებაში 15 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთია. საწარმოს 10 ჰექტარზე გაშენებული აქვს ეთერზეთოვან „გალიკას“ ჯიშის ვარდის პლანტაცია. ლიზი ხმიადაშვილი იმედოვნებს, რომ მომავალ წელს აიღებს ვარდის მოსავალს, რომელსაც ექსპორტზე, ასევე, ევროპის ბაზარზე გაიტანს.
„კახეთი ბიო“ სამომავლოდ სამკურნალო მცენარეების მოყვანასა და მათ გადამუშავებასაც გეგმავს.