საგარეჯოში ორგანულ-მინერალური სასუქების წარმოება დაიწყო
გამარჯვებული ბიზნეს–იდეის კომპანია ,,აგრო ვიტა პროდაქშენის“ ხელმძღვანელის, ლევან ასლანაძის თქმით, პროექტის ფარგლებში შეიქმნა თხევადი ორგანულ-მინერალური სასუქების დამამზადებელი საწარმო. მისივე ინფორმაციით, საწარმო ადგილობრივი მეურნეებს შესთავაზებს მცენარეთა განსხვავებული და ეფექტური გამოკვების საშულებებს იმპორტირებულ ანალოგებთან შედარებით უფრო მისაღებ ფასად.
ასლანაძის განცხადებით, პროექტის განსახორციელებლად „სტარტაპ საქართველომ” 100,000 ლარი გამოყო.
,,შპს „აგროვიტა” ახდენს ევროპულ მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქებისა და თესლების იმპორტსა და რეალიზაციას, აწარმოებს თხევად ჰუმინურ-ორგანულ სასუქს – „აგროვიტა”, ფლობს „საქპატენტ”-ის მიერ გაცემულ პატენტს საწარმო ტექნოლოგიისათვის და, ასევე, ბიო სერტიფიკატს პროდუქტზე. არსებული სასუქი იქნება ორგანულ– მინერალური სასუქის შემადგენელი ნედლეული, რომელსაც დაემატება ჰუმინური მჟავა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ნიადაგის გაახალგაზრდავების პროცესს. ჰუმინური მჟავის დამატება და კავიტაციის ტექნიკის გამოყენება არის ის ინოვაციები პროდუქტში, რომელიც სასუქს ხდის ბევრად უფრო ხარისხიანს. პროექტის ფარგლებში 7 ადამიანი დასაქმდება’’,– განაცხადა ლევან ასლანაძემ.
მისივე თქმით, ადგილობრივი ბაზრის სრულად ათვისების გარდა, კომპანია პროდუქციის გატანას საზღვარგარეთაც გეგმავს. ,,აგრო ვიტა პროდაქშენის“ ხელმძღვანელის ინფორმაციით, მოლაპარაკებები საექსპორტო ბაზრების ათვისებაზეც მიმდინარეობს.
,,ორგანულ სასუქს ადგილობრივი ნედლეულით ვაწარმოებს, ხოლო რაც შეეხება მინერალურს, ვაპირებ, იტალიიდან შემოტანილი პროდუქციით ვაწარმოო. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხით სომხეთი, აზერბაიჯანი და ირანი არიან დაინტერესებული“, – განაცხადა ლევან ასლანაძემ.