ყვარელში მცხოვრები 30 წლის მამაკაცი საფრანგეთში მოკლეს
ახალგაზრდა მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს 55 წლის ქართველი, რომელსაც პაპიაშვილის მკვლელობაში ედება ბრალი. როგორც knews.ge–ს მთისძირის ადმინისტრაციულ ერთეულსი ყვარლის მერის წარმომადგენელმა მევლუდ დარიაშვილმა განუცხადა, კობა პაპიაშვილი მამასთან და სავარაუდო ბრალდებულთან ერთად საფრანგეთში მუშაობდა. ამ დროისთვის მკვლელობის მოტივი უცნობია. გარდაცვლილს თანასოფლელები უკონფლიქტო და გაწონასწორებულ პიროვნებად ახასიათებენ.
„არავინ იცის, რატომ მოხდა მკვლელობა. კობა პაპიაშვილი არის გაწონასწორებული, ჭკვიანი ადამიანი. მას არასოდეს არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია. როგორც ვიცი, ის ერთ–ერთ ევროპულ კომპანიაში მუშაობდა. ის სამი თვის განმავლობაში მუშაობდა საფრანგეთში, შემდეგ ჩამოდიოდა სოფელში და მერე ისევ მიდიოდა. ის ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ტრაილერებით ტვირთის გადაზიდვაზე მუშაობდა. როგორც ჩემთვის ცნობილია, მამაკაცი, რომელმაც კობა მოკლა, საფრანგეთში რამდენჯერმე გამოაგდეს სამსახურიდან. კობას შეეცოდა და მუშაობა დააწყებინა იმ კომპანიაში, სადაც თვითონ მუშაობდა. არ ვიცი რატომ მოკლა იმ ადამიანმა კობა. მკვლელობაში ბრალდებულს კობას მამა კარგად იცნობს“, – განუცხადა knews.ge–ს მევლუდ დარიაშვილმა.
საფრანგეთიდან კობა პაპიაშვილის გადმოსვენების პროცედურაში საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე ჩაერთო.