თელავში თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა
ექსპერტებმა ირაკლი მელაშვილმა და ლადო სანიკიძემ შეხვედრის მონაწილეებს თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მნიშვნელობაზე და მის დადებით და უარყოფით მხარეებზე მიაწოდეს ინფორმაცია. მათი თქმით, ქალაქისა და თემის გაერთიანება უარყოფით გავლენას მოახდენს მუნიციპალიტეტის განვითარებაზე.
,,თელავის გაყოფის დადებითი მხარე იყო ის, რომ ქალაქი ორიენტირებული იყო თავის პრობლემებზე, ხოლო თემი სოფლებს პრობლემების მოგვარებაზე მუშაობდა. ის სისტემა, რომელიც არსებობდა, არ იყო ოპტიმალური, იყო ხარვეზები. თელავში ბოლომდე რომ განხორციელებულიყო თვითმმართველობის რეფორმა, შეიქმნებოდა თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 3 ან 4 სხვა მუნიციპალიტეტი მიმართულებების მიხედვით. ეს მათ საშუალებას მისცემდა, უფრო მეტად ყოფილიყვნენ ფოკუსირებული ადგილობრივ პრობლემებზე. გამსხვილების უარყოფითი მხარე ის არის, რომ თელავში რამდენიმე ათეული დასახლებაა და როდესაც პრიორიტეტები მუშავდება, ნებისმიერ შემთხვევაში ბევრი დარჩება დაჩაგრული. ძირითადი აქცენტი კი როგორც ადრე იყო ისევ გაკეთდება ქალაქებზე. თელავი სატახტო ქალაქია და მისთვის ქალაქის სტატუსი ნიშნავს დამოუკიდებელი განვითარების შესაძლებლობას’’,– განუცხადა knews.ge-ს თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტმა ირაკლი მელაშვილმა.
შეხვედრის ორგანიზატორის, არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრის დირექტორის, ელისო ჯანაშიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 7 ქალაქისთვის თვითმმართველი სტატუსის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მოსახლეობამ კარგად უნდა იცოდეს დამოუკიდებლობისა და დეცენტრალიზაციის არსი და მისი დადებითი მხარეები. მისივე განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრის ხელისუფლებამდე მიტანა მნიშვნელოვანია.
,,ვიცით რომ, თელავს და სხვა ქალაქებსაც თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამორთმევა და გადაწყვეტილება გაუქმებასთან დაკავშირებით უკვე მიღებულია, მაგრამ ეს არ მომხდარა მოსახლეობასთან შეხვედრებით და მათი აზრის გათვალისწინებით. აუცილებელია ამ პროცესში მოსახლეობის ჩართვაც. თვითმმართველობის გაძლიერებისა და მისი დეცენტრალიზაციისთვის ბრძოლა გრძელდება და ამის ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილი სწორედ ეს დისკუსია იყო. ჩვენ შევხვდით იმ დაინტერესებულ პირებს, რომლებმაც კარგად იცის, რომ თვითმმართველობის განვითარებასთან ერთად ვითარდება ქალაქი, ადგილობრვი ეკონომიკა და ცხოვრების დონე‘’.
პროექტს ,,თვითმმართველობების შენარჩუნებისა და გაძლიერების ხელშეწყობა” ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრი, ინტერენეტგამოცემა TSpress.ge-სთან და კახეთის ხმასთან ერთად, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით.