ახალი ამბები

როგორი რეიტინგებით იწყებენ მუშაობას კახეთის ახალი მერები

იმის მიუხედავად, რომ ყველა მუნიციპალიტეტში მმართველი პარტიის კანდიდატებმა პირველივე ტურში გაიმარჯვეს, მაინც საინტერესოა მუნიციპალიტეტების მიხედვით მერების რეიტინგი.  

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებიდან გამომდინარე, ამომრჩეველის ხმათა რაოდენობით რეგიონში ყველაზე მეტი ხმა  გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა მიიღო,  ხოლო  პროცენტული მონაცემებით ლიდერობს საგარეჯოს მერი გიორგი ერბოწონაშვილი.  

1. საგარეჯო – გიორგი ერბოწონაშვილი 12642, 69,37%

2. გურჯაანი – არჩილ ხანდამაშვილი 15439, 59,94%

3. სიღნაღი – გიორგი გოგილაშვილი 8201, 59,53%

4. დედოფლისწყარო – ნიკოლოზ ჯანიაშვილი 6549, 65,45%

5. ლაგოდეხი – ჯონდო მდივნიშვილი 10838, 63,99%

6. ყვარელი – როსტომ სესიაშვილი 9540, 63,85%

7. თელავი – შოთა ნარეკლიშვილი 14245, 54,78%

8. ახმეტა – იოსებ ქარუმაშვილი 8523, 59,41%

 

მერებმა უფლებამოსილების პირველივე კვირაში მუშაობა გამგეობების მოადგილეებისა და სამსახურის ხელმძღვანელთა ფორმირებით დაიწყეს.  სიღნაღის, გურჯაანის, თელავის მერებმა უკვე გადააყენეს მოადგილეები.  

გურჯაანის ახლადარჩეულმა მერმა პირველივე სამუშაო დღეს ყოფილი გამგებლის ორი მოადგილე გაათავისუფლა. თანამდებობა მხოლოდ ერთმა მოადგილემ, სიმონ ქოჩორაშვილმა შეინარჩუნა. არჩილ ხანდამაშვილმა სამსახურის უფროსებსაც შესთავაზა გადადგომა. ის გურჯაანის მუნიციპალიტეტის მართვას საკუთარ გუნდთან ერთად აპირებს და ამაში პრობლემას ვერ ხედავს. 

„მოადგილეებს ავუხსენი, რომ იმ გუნდთან ვაპირებ მუშაობას, რომლის კომპეტენტურობასა და გამოცდილებაშიც დარწმუნებული ვარ და, შესაბამისად, პასუხისმგებელი ვხდები, რომ მათი შრომისმოყვარეობით გურჯაანის მერია ნამდვილად იქნება წარმატებული. რაც შეეხება სამსახურის უფროსებს, მე მათთან შეხვედრები ჯერ კიდევ მანდატის ოფიციალურ მიღებამდე დავიწყე და გავეცანი, როგორც მათ მიერ შესრულებულ სამუშაოებს, ასევე  გამოცდილებასა და განათლებას, რის შემდეგაც, დაახლოებით სამ კვირაში, მერის უფლებამოსილების მიღების შემდეგ შევატყობინე ჩემი შეხედულების შესახებ, რომ მომავალი 4 წლის წარმატებული მუშაობისთვის აუცილებელია სტრუქტურული რეორგანიზაცია, რადგან მე მჭირდება გუნდი, რომელიც იქნება თითოეული მოქალაქის პრობლემების მოგვარებაზე მომართული ჩვენი მუნიციპალიტეტის წარმატებისა და განვითარებისთვის,“– განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.
სამსახურის გარეშე დარჩა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის სამივე მოადგილე. სიღნაღის ახლადარჩეული მერი მოდაგილეების ვინაობას უახლოეს მომავალში დაასახელებს. გიორგი გოგილაშვილი განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ბუნებრივ პროცესად მიიჩნევს და ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილება კანონიერია. 
სამივე მოადგილე კანონის მიხედვით გავათავისუფლე. უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი ჩემი მოადგილეების შესახებ. დიდი ალბათობით, მათ ხელშეკრულებას აღარ გავუგრძელებ და მე სხვა მოადგილეები მეყოლება. რაც შეეხება სამსახურის უფროსებს, ისინი აგრძელებენ თავიანთ უფლებამოსილებას და ჯერჯერობით ამ მიმართულებით საკადრო ცვლილებები არ იგეგმება“, – განუცხადა knews.ge–ს გიორგი გოგილაშვილმა. 

უფრო ვრცლად  საკადრო ცვლილებების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: საკადრო ცვლილებები კახეთში – მუნიციპალიტეტების მერების გათავისუფლებული მოადგილეები.