აშშ-ის ელჩი პანკისის ხეობას ესტუმრა
იან კელი ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდა და მათ მიერ წარმოებული პროდუქცია დაათვალიერა. ელჩმა შეხვედრა გამართა პანკსის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრებთანაც.
“პანკისის ხეობაში ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანია ყურადღება გავამახვილო მეწარმეობის მნიშვნელობაზე. აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო აქტიურადაა წარმოდგენილი პანკისის ხეობაში და ეხმარება მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით. ჩემთვის საინტერესოა ამ ადამიანებთან შეხვედრა და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება. მე, ასევე, მქონდა შეხვედრა პანკისის ხეობის უხუცესი საბჭოს წევრებთან. ჩვენ განვიხილეთ რეგიონის გამოწვევები და შესაძლებლობები”, – განუცხადა knews.ge-ს იან კელიმ.
“ამერიკის შეერთებული შტატები საზღვრისპირა და მოწყვლადი რეგიონებისთვის ახორციელებს სხვადასხვა პროგრამას. კერძოდ პროგრამა “ზრდა” ხორციელდება პანკისის ხეობაში. ამ პროგრამის ფარგლებში პანკისის ხეობაში გაიხსნა სათბური, სადაც მოყვანილი პროდუქტები ვნახეთ. ეს არ არის მხოლოდ მატერიალური მხარდაჭერი. ამ პროექტის ფარგლებში მეწარმეებს უტარდება ტრენინგები და სემინარები, როგორ შეიძლება ფერმერი ჩაერთოს საბაზრო ეკონომიკის პროცესში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ მომავალი წლიდან გაფართოვდება ეს პროგრამა, რომელიც, პანკისის ხეობის გარდა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი”, – განუცხადა knews.ge-ს კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.
იან კელის გარდა, გლობალური სამეწარმეო კვირეულის ფარგლებში მეწარმეებთაან შეხვედრა გამართა ამერიკელმა ინოვატორმა ბეტსი ფორიმ. მან მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართა ვორქშოფი და სემინარი, სადაც ისაუბრა პროდუქტის განვითარების, მარკეტინგის, ბრენდინგისა და ინტელექტუალური საკუთრების შესახებ.
“მე ძალიან მომეწონა პანკისში მეწარმეებთან შეხვედრა და მათი პროდუქტები, რომლებიც ჰქონდათ წარმოდგენილი. ჩვენ ვისაუბრეთ ბერენდინგზე, მარკეტინგზე და სხვადასხვა იდეაზე. გავსინჯე მათი ნაწარმი, ჰქონდათ უგემრიელესი ლუდი, ჯემები და სხვადასხვა საჭმელი. ჩემი აზრით, მათ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ბევრი რამ ისწავლეს, თუნდაც სოციალურ მედიაში თუ ვებ გვერდზე პროდუქტის ბრენდის შექმნა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო გაეგოთ, თუ როგორ შეაფასებდა უცხო თვალი მათ პროდუქტს, ლოგოს და ბრენდინგს. იმის გამო, რომ მათი ნაწარმი ძალიან ხარისხიანია და წარმატება დამოკიდებულია ამ პროდუქტის შეფუთვაზე, ჩემი აზრით, გამოადგათ რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ წარადგინონ ნაწარმი, რათა გაიზარდოს გაყიდვები”, – აღნიშნა ბეტსი ფორიმ.
საქართველო ერთ-ერთია მსოფლიოს 170 ქვეყანას შორის, რომელიც 2017 წელს გლობალურ სამეწარმეო კვირეულს აღნიშნავს. გლობალური სამეწარმეო კვირეული არის ყოველწლიური ერთკვირიანი ღონისძიებებისა და ვორქშოფების სერია, რომელიც მეწარმეობისა და ინოვაციების ხელშესაწყობად შეიქმნა. კვირეული, 12 ნოემბერს, ტექნოპარკში, აშშ-ის ელჩმა იან კელიმ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნეს.