თელავში „მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2017“ დასრულდა
დასკვნით კონცერტზე საფესტივალო ორკესტრი მსმენელის წინაშე არიელ ცუკერმანის დირიჟორობით წარდგა.
ცნობილი პიანისტის, ელისო ვირსალაძის, მამიკონ ნახაპეტოვისა და ჩელისტი დიმიტრი პროკოფიევის მიერ შესრულებულმა ვოლფგანგ ამადეუს მოცარტისა და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის კონცერტმა მსმენელის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 7 ოქტომბერს გაიხსნა. მასშტაბური მუსიკალური ღონისძიება 15 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.
წლევანდელი ფესტივალი გამოჩენილი ქართველი პიანისტის, ელისო ვირსალაძის სასცენო მოღვაწეობის 55 წლისთავს დაემთხვა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ელისო ვირსალაძე პრეზიდენტმა ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ქება ვაზისა” ელისო ვირსალაძემ 80-იან წლებში დააარსა, რომელიც 2010 წელს, ოცწლიანი პაუზის შემდეგ აღდგა და ის, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თელავში ყოველწლიურად იმართება.