ახალი ამბები

სიღნაღის მუზეუმში ელენე ახვლედიანის და ნიკო ფიროსმანაშვილის ექსპოზიციები გაიხსნება

გამოფენა 18 ოქტომბერს, 14:00 საათზე, დაიწყება.
სიღნაღის მუზეუმის დაარსებიდან 70, ხოლო საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაერთიანებიდან 10 წლის იუბილე აღინიშნება.
,,სიღნაღის მუზეუმი როგორც რეგიონის, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით, ქმნის აქტიურ კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტულ ცენტრს. მუზეუმში ყოველწლიურად იზრდება დამთვალიერებელთა რიცხვი. ათი წლის განმავლობაში სიღნაღის მუზეუმმა 200 000-მდე ვიზიტორს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უმასპინძლა. სიღნაღის მუზეუმის რეაბილიტაცია (2007) განსაკუთრებით აღსანიშნავი მოვლენა იყო ქართულ სამუზეუმო სივრცეში.
შეიქმნა ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი შენობა და საექსპოზიციო დარბაზები, უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა. მოეწყო თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისი არქეოლოგიური, შუა საუკუნეების და ეთნოგრაფიული ექსპოზიციები, სახვითი ხელოვნების გალერეა – ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების მუდმივმოქმედი გამოფენა და დროებითი საგამოფენო სივრცე, სადაც ათი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდებიდან მოეწყო არაერთი გამოფენა. ბოლო წლებში ტრადიციად იქცა ღონისძიების ,,ღამე მუზეუმში“ აღნიშვნა, რომელსაც განსაკუთრებულ ელფერს სძენს ნიკო ფიროსმანაშვილის „გაცოცხლებული“ პერსონაჟები და თეატრალიზებული პერფორმანსები.
სიღნაღის მუზეუმში პერმანენტულად ტარდება სხვადასხვა ასაკისთვის განკუთვნილი, გამოფენის თანმხლები საგანმანათლებლო პროგრამები, თემატური ლექციები და შემოქმედებითი საღამოები”, – განუცხადეს knews.ge-ს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.