ახალი ამბები

ბატონის ციხის რეაბილიტაცია ერეკლეობის დღესასწაულისთვის ვერ დასრულდება

როგორც knews.ge–ს თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, გურამ ურჩუხიშვილმა განუცხადა, სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულდა, თუმცა ბატონის ციხე 7 ნოებრისთვის , სავარაუდოდ, ვერ გაიხსნება. 
“ერეკლეობის დღესასწაულამდე ცოტა დრო დარჩა და სამუშაოების დასრულება ვერ მოესწრება. ამ ეტაპზე შენობის შიდა სამუშაოები და ეზოს მოწყობა მიმდინარეობს. როგორც მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ამბობენ, ბატონის ციხის კომპლესის პრეზენტაცია წლის ბოლოს იქნება. უკვე დასრულებულია ერეკლე მეორის სასახლის რეკონსტრუაცია. მიმდებარე ტერიტორიაზე ფილებიც დაიგო”, – განუცხადა knews.ge–ს გურამ ურჩუხიშვილმა. 
ბატონის ციხის კომპლექსის რეაბილიტაცია, რომლის საერთო ღირებულება 7 მილიონი ლარია, რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის განხორციელების ძირითადი მიზანი ძეგლისთვის პირვანდელი იერსახის შენარჩუნება, კახეთის რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა და ტურიზმის განვითარებაა. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია “ჯავა” ახორციელებს. 
ბატონის სასახლეს რესტავრაცია გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაუტარდა.