ჩუმლაყში ევროპული საქართველოს პლაკატები წითლად გადაღებეს
„ევროპული საქართველოს“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გოჩა სიბაშვილი სააგიტაციო მასალის განადგურებას მმართველ პარტიას უკავშირებს.
“ჩვენი სააგიტაციო მასალა სოფელ ჩუმლაყში მასიურად გადაღებეს. ვფიქრობ, რომ ეს “ქართული ოცნების” ქტივისტებმა გააკეთეს. ჩემი აზრით, ეს მმართველი პარტიის დავალება იყო. მხოლოდ ჩვენი პლაკატებია გადაღებილი, ყველა სხვა პარტიის სააგიტაციო მასალა ხელშეუხებელია. გარდა ამისა, გურჯაანში წინასაარჩევნო კამპანია არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს”, – განუცხადა knews.ge-ს ხელმძღვანელმა გოჩა სიბაშვილმა.
„ქართული ოცნებიდან“ გურჯაანის მერობის კანდიდატი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. არჩილ ხანდამაშვილი უარყოფითად აფასებს სოფელ ჩუმლაყში „ევროპული საქართველოს“ სააგიტაციო მასალის დაზიანებას.
„ჩვენ ასეთი ქმედებები არასოდეს არ ჩაგვიდენია. მე, პირადად არ მჭირდება, რომ ჩვენს აქტივისტებს დავავალო ოპონენტების პლაკატების განადგურება. ამ ფაქტის შესახებ ინფორმირებული ვარ და ვგმობ“, –განუცხადა knews.ge-ს არჩილ ხანდამაშვილმა.
საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად, სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება დაუშვებელია და თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული, კანონით ისჯება.