ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორის ყოფილი უფროსი დააკავეს
სასამართლოს განჩინების საფუძველზე, პროკურატურამ დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორის ყოფილი უფროსი თ.ვ. და ყოფილი ინსპექტორი ვ.ს.
„ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წლის მაისის თვეში, თბილისში, საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარეობდა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები ,,სახალხო კრების“ წევრების და ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერთა მონაწილეობით.
იმ მიზნით, რომ ქუჩის საპროტესტო აქციებს არ მიეღო ფართომასშტაბიანი ხასიათი და საპროტესტო ტალღის ჩაეცხროთ, 2011 წლის 18 მაისიდან 22 მაისამდე პერიოდში სამართალდამცავებმა დაიწყეს ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის აქტიური წევრების და აქციის ორგანიზატორების დევნა, რა მიზნითაც, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ჩატარდა რამდენიმე სპეცოპერაცია, რა დროსაც დააკავეს გოჩა წიკლაური, ტარიელ მელქოშვილი, ვლადიმერ იმნაძე და საპროტესტო აქციაში მონაწილე პოლიტიკური პარტიების კიდევ 11 აქტივისტი, რომლებსაც ადმინისტრაციული წესით 30 დან 45 დღემდე ვადით პატიმრობა შეეფარდათ და შეასახლეს შსს ყვარლის პოლიციის სამმართველოს შენობაში განთავსებულ დროებითი მოთავსების იზოლატორში.
პატიმრების შეყვანის შემდეგ, იზოლატორის უფროსმა თ.ვ-მ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ პატიმრობაში მყოფ ხსენებულ 14 პირს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდათ და მონაწილეობას იღებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში, მათი დასჯის მიზნით შეიმუშავა პატიმრებთან მოპყრობის დამამცირებელი და არაადამიანური წესები“, – განაცხადეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში.
გამოძიების ინფორმაციით, 2011 წლის 21 მაისიდან 05 ივნისამდე პერიოდში, ყოველდღიურად, თ.ვ-ს და იზოლატორის კიდევ ერთ თანამშრომელს ვ.ს-ს, საკნებიდან გამოჰყავდათ პატიმრები და სცემდნენ ხელ-ფეხით, ამცირებდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, აიძულებდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერების გინებას. ისინი პერიოდულად ხდიდნენ მაისურებს და აიძულებდნენ საკნების მორეცხვას, რომლის შემდეგაც დაბინძურებულ სველ მაისურებს აცმევდნენ ძალით.
„პატიმრებს იზოლატორში არსებული მარაგებიდან და ოჯახის წევრების მიერ შეგზავნილი ამანათებიდან არ მიეწოდებოდათ საკმარისი ოდენობით საკვები; პატიმრებს არ აძლევდნენ დღისა და ღამის საათებში დაძინებისა და დასვენების საშუალებას, პერიოდულად საკნებში შედიოდა თ.ვ. და პატიმრებს აიძულებდა საათობით ფეხზე დგომას.
საქმეზე გრძელდება გამოძიება, თ.ვ-ს და ვ.ს-ს ბრალად ედებათ პატიმრების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, დანაშაული“, – აღნიშნეს პროკურატურაში.
უწყების ცბით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 -მუხლით, რომელიც პირის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 4–დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.