ახალი ამბები

Guardian საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს

ცნობილმა ფოტოგრაფმა ეიმოს ჩეპელმა საქართველოში უახლესი ოთხძრავიანი “დრონით” იმოგზაურა და ტურისტული ადგილები, მთები, დაბლობები და ქალაქები გადაიღო. 
“საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა, რომელიც დასავლეთ აზიასა და ევროპას შორის მდებარეობს. ჩრდილოეთით, კავკასიონის გასწვრივ, საქართველო რუსეთს ესაზღვრება. ევროპის უმაღლესი მწვერვალების სიაში საქართველოც შედის”, – წერს „გარდიანის“ ჟურნალისტი. 
სტატიაში “დრონით” გადაღებულ თითოეულ ფოტოს სათაური და აღწერილობა ახლავს. ფოტორეპორტაჟში ასახულია ხევსურეთის კოშკები, ცხვრის ფარა, რომლებიც მზეს ეფიცხებიან. ფოტოებს შორის მოხვდა მცხეთა-მთიანეთის მაღალმთიანი სოფელი ჯუთა, ომალო, თუშეთის ეროვნული პარკი, ისტორიული საფორტიფიკაციო ნაგებობები და ზღვის დონიდან 2 826 მეტრის სიმაღლეზე მდებარე აბანოს უღელტეხილი. სტატიის ავტორის წერს, რომ ეს ადგილი, სადაც უფასო Wi-Fi ინტერნეტი იჭერს, მოგზაურთა შორის პოპულარულია. ჟურნალისტი კახეთიდან თუშეთში მიმავალ სახიფათო გზაზეც ამახვილებს ყურადღებას. 
მაღალმთიანი დასახლებების შემდეგ Guardian-ის რეპორტიორი სტატიაში საქართველოს დაბლობებსაც აღწერს. 
“საქართველოში დაახლოებით 2 500 მდინარეა, ხოლო დაბლობი ვენახებითა და სასოფლო-სამეურნეო მიწებითაა მოფენილი. კაცხის სვეტი არის მხცოვანი ქართველი ბერის თავშესაფარი, რომელმაც იქ უკვე 24 წელი გაატარა, რათა „უფრო ახლოს იყოს ღმერთთან“. საკვებს ბერს მოხალისეები ქვევით მდებარე მონასტრიდან აწვდიან,” – წერს ჟურნალისტი.