„თელავის მერიის თანამშრომლები ქართული ოცნების შეხვედრებზე დასწრებას მაიძულებენ“
„თელავის მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომელი ვიღაც პაპუნა და ბექა დღეს დილით მეუბნებოდნენ, რატომ დადიხარ ევროპული საქართველოს შეხვედრებზე და რატომ ჩვენს შეხვედრებზე არ ესწრებიო. ისინი მაიძულებენ „ქართული ოცნების“ შეხვედრებზე დასწრებას. პაპუნამ მითხრა, თუ არ დაესწრები „ქართული ოცნების“ შეხვედრებს, გამგეობის წინ აღარ დადგეო. ევროპული საქართველოს წევრები იყვნენ ჩემი კორპუსის წინ და მე იმ შეხვედრას დავესწარი“, – განუცხადა knews.ge–ს კობა მირიანაშვილმა.
თელავის მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომელი პაპუნა ხრიკული გამორიცხავს კობა მირიანაშვილზე განხორციელებულ ზეწოლას. ხრიკული მიუთითებს, რომ თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ ის და მერიის სხვა თანამშრომელი საუბრობდნენ და მათთან მივიდა მირიანაშვილი, თუმცა კობასთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.
„მე და ბექა ებიტაშვილი ვიდექით თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ და ვსაუბრობდით რაღაც საკითხზე. კობა მირიანაშვილი მოვიდა, ჩვენ წინ დადგა და გვისმენდა. ჩვენ მას ყურადღება არ მივაქციეთ და გავაგრძელეთ საუბარი. მას არც დავლაპარაკებივართ. მე კობას არ ვიცნობ და არც ის ვიცი, ვის შეხვედრებზე დადის. თქვენგან მესმის, რომ ეს ადამიანი მე და ბექას ზეწოლას გვაბრალებს. გაოცებული ვარ, რატომ გამიოიძახა პოლიცია“, – განუცხადა knews.ge–ს პაპუნა ხრიკულმა.
აღნიშნულ ფაქტს „ევროპული საქართველოდან“ თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოქალაქის პოლიტიკური ნიშნით დევნად აფასებს. ნოდარ ეჟიშვილი ირწმუნება, რომ მმართველი პარტია საჯარო მოხელეებს ავალდებულებს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე მოქალაქეებზე განახორციელონ ზეწოლა.
„ჩვენ რამდენიმე დღის წინ შეხვედრა გვქონდა იმ უბანში, სადაც ეს ადამიანი ცხოვრობს. კობა მოვიდა ამ შეხვედრაზე. როგორც მან მითხრა, მერიის თანამშრომლებმა აუკრძალეს შენობის წინ დგომა, რადგან „ქართული ოცნების“ შეხვედრებს არ ესწრება. როგორც ჩანს, ქართული ოცნება აგრძელებს ნაციონალური მოძრაობის მიდგომას. ძალიან სამწუხაროა, რომ ახალგაზრდა საჯარო მოხელეები ერთვებიან იმ ბინძურ კამპანიაში, რომელსაც ჰქვია ამომრჩეველზე ზეწოლა. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ერთ–ერთმა ჩემმა მხარდამჭერმა მითხრა, რომ ერთ–ერთი საჯარო მოხელე, სამუშაო საათებში, გამგეობის წინ ქართული ოცნების სასარგებლოდ აგიტაციას ეწეოდა. ეს არის მმართველი პარტიის მხრიდან დავალება საჯარო მოხელეებზე, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებზე მოახდინონ ზეწოლა“, – აღნიშნა ნოდარ ეჟიშვილმა.
მმართველ პარტიაში საჯარო მოხელეებისათვის მსგვასი სახის მითითებას უარყოფენ. თელავში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი „ევროპული საქართველოს“ თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს და აღნიშნავს, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანებზე ზეწოლას არავინ არ ახდენს.
„ეს არის სრული სიცრუე. წინასაარჩევნო კამპანია ტარდება მშვიდ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში. დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი საჯარო მოხელე, მოქალაქეებზე არ ახდენს ზეწოლას. როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ეს იყო მათი მუშაობის სტილი და მეთოდები. ისინი ცდილობენ, რომ ჩვენ მოგვცხონ ჩირქი. რაც შეეხება თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ მონხდარ ფაქტს, ამდაგვარ დავალებას და მითითებას ჩვენ არ ვაძლევთ. თუ ვინმე თვითშემოქმედებით არის დაკავებული, ეს ჩვენ არ გვიკავშირდება. შესაძლოა ეს საჯარო მოხელეები იყვნენ მათი მხარდამჭერები და ამგვარ პროვოკაციულ მოქმედებას ჰქონდეს ადგილი. ამ ფაქტის სესახებ ინფორმაციას არ ვფლობ“, – განუცხადა knews.ge–ს ბენო გეგჭკორმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა გამოკითხეს კობა მირიანაშვილი, თუმცა დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა, რის გამოც გამოძიება არ დაიწყო.