თელავის დემოკრატიის სკოლაში მერობის კანდიდატებთან შეხვედრების ციკლი დაიწყო
პირველი შეხვედრა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თელავის მერობის კანდიდატთან გაიმართა, მეორე შეხვედრაზე კი ,,შენების მოძრაობიდან” მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნო, ქალაქში არსებულ პრობლემებზე და მისი მოგვარების გზებზე ისაუბრა. გელა გელაშვილის განცხადებით, თელავს არ აქვს ქალაქის გენერალური განვითარების გეგმა, რომელიც ერთ–ერთი მთავარი პრობელმაა.
,,თელავისთვის მთავარი პრობლემაა ქალაქის გენერალური განვითარების გეგმის არქონა. აუცილებელია ექსპერტების მიერ გაიწეროს კომპეტენტურად გეგმა, რომლითაც იხელმძღვანელებს მერი თუ საკრებულოში უმრავლესობით წარმოდგენილი პარტია. მათ უნდა იცოდნენ, რა გააკეთონ სამი წლის შემდეგ. პრობლემაა მოქალაქეებთან კომუნიკაციის არქონა და ნაკლები ჩართულობა. ჩემი აზრით, პრობლემების მოსაგვარებლად, ბიუჯეტიდან აუთვისებელი ან გაფლანგული თანხები უნდა დაიზოგოს და დამუშავდეს განვითარების გენერალური გეგმა‘’, – განუცხადა Knews.ge-ს გელა გელაშვილმა.
თელავის დემოკრატიის სკოლის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ შარვაშიძის ინფორმაციით, შეხვედრების ფარგლებში მერობის ყველა კანდიდატს ექნება შესაძლებლობა, ამომრჩევლებს გააცნოს საარჩევნო პროგრამა.
,,EECMD მუდმივად ცდილობს სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებისა და ტრენინგების საშუალებით ხელი შეუწყოს პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თემატური დისკუსიის წარმოებას. ამჯერად, დემოკრატიის სკოლაში ვიწვევთ თელავის მერობის კანდიდატებს, რათა მსმენელებს გააცნონ საარჩევნო პროგრამა, რომელიც ამომრჩევლებს არჩევანის გაკეთებას გაუადვილებს. უკვე გაიმართა ორი შეხვედრა და ეტაპობრივად სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილ მერობის სხვა კანდიდატებსაც შევხვდებით. 16 ოქტომბერს შეხვედრა დაგეგმილია პოლიტიკური გაერთიანება “ერთობა ახალი საქართველოსთვის” თელავის მერობის კანდიდატთან თამარ ლამაზოშვილთან’’, – განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ შარვაშიძემ.