აქციაზე დაკავებული ენმ–ს კახეთის ორგანიზაციის 2 წევრი გაათავისუფლეს
ისინი მომდევნო სასამართლო სხდომამდე გათავისუფლდნენ. სასამართლო პროცესი სასამართლოსთვის დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის მოტივით გადაიდო.
როგორც knews.ge–ს „ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თემურ ბუწაშვილმა განუცხადა, თორნიკე მაჭარაშვილსა და ჯონდო ამისულაშვილს სამართალდარღვევა არ ჩუადენიათ და პოლიციამ ისინი უკანონოდ დააკავა.
„აქციაზე ჩვენი პარტიის წევრების დაკავება იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება. ჩვენ მშვიდობიან აქციაზე ვაპროტესტებდით საკრებულოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილის თბილისის ცენტრში მდებარე მიწის ნაკვეთები ერთ ლარადა გადაეცა. საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ ძალისმიერი მეთოდები გამოიყენა და უკანონოდ დააკავა მშვიდობიანი მანიფესტანტები, ლაგოდეხის მერობის კანდიდატი, თორნიკე მაჭარაშვილი და კაჭრეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯონდო ამისულაშვილი, რომელიც ჩვენი პროპორციული სიის მეხუთე ნომერია. ღრმად ვარ დარწმუნებულია, რომ 21 ოქტომბერს ამომრჩეველი სიტუაციას ადეკვატურად შეაფასებს და ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა დასრულდება“, – განუცხადა knews.ge–ს თემურ ბუწაშვილმა.
გუშინ თბილისის საკრებულოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები, მათ შორის ლაგოდეხის მერობის კანდიდატი თორნიკე მაჭარაშვილი და გურჯაამუნის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ჯონდო ამისულაშვილი, ცდილობდნენ საკრებულოს სხდომაზე შესვლას, სადაც ბიძინა ივანიშვილისთვის თბილისის ცენტრში მდებარე მიწის ნაკვეთების სიმბოლურ ფასად გადაცემის გადაწყვეტილება მიიღეს. სამართალდამცველებმა ენმ–ს 14 წევრი, მათ შორის თორნიკე მაჭარაშვილი და ჯონდო ამისულაშვილიც, დააკავეს.