სტატიები

NASA-ს ინჟინრები თელაველ ახალგაზრდებს შეხვდნენ

მათ მოსწავლეებს საკუთარ გამოცდილებაზე, მიმდინარე სამუშაოებზე, კოსმოსის მომავალ კვლევებზე და „ვოიაჯერის“ მისიის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. 1977 წელს, ლეგენდარული მეცნიერის კარლ სეიგანის ინიციატივით და მის მიერ შექმნილი ,,ვოიაჯერის“ მისიის ფარგლებში, NASA-მ კოსმოსში გაგზავნა ე.წ. „ოქროს ჩანაწერი“, რომელზეც 25 მუსიკალურ ნაწარმოებს შორის არის ქართული სიმღერა „ჩაკრულო“. NASA-ს ინჟინერი, ,,ვოიაჯერის’’ პროგრამის შემქმნელი და ყოფილი მენეჯერი ჯონ კასანი ირწმუნება, რომ 5 მილიარდი წლის შემდეგ მზე აღარ იარსებებს, თუმცა დარჩება ოქროს ფირფიტა, სადაც წერია „ჩაკრულო“. კასიანის განცხადებით, ხომალდი, რომელმაც დედამიწასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციასთან ერთად ,,ოქროს ფირფიტა“ წაიღო, მილიარდობით წლები გააგრძელებს მოგზაურობას და მზის სისტემას გასცდება. მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბრის შუა რიცხვებში „ვოიჯერმა“ მზის სისტემა პირველად დატოვა და ვარსკვლავთაშორის სივრცეში გადავიდა. 
,,ვოიაჯერის“ პროგრამა ითვალისწინებდა ორი ხომალდის ,, ვოიაჯერ–1“ და ,,ვოიაჯერ– 2“ –ს გაშვებას, რათა მათ შეესწავლა და გამოეკვლია მზის ორბიტაში არსებული 4 პლანეტა: იუპიტერი, სატურნი, ურანი და მარსი. ,,ვოიაჯერ 1“ –მა ოთხივე პლანეტა დაფარა და შეისწავლა. ეს პროცესი 15 წელი კიდევ გაგრძელდება, სანამ ხომალდის ძრავი იმუშავებს. რაც შეეხება ,,ოქროს ფირფიტას’’, ეს არის დროის კაფსულა, რომელიც ხომალდმა წაიღო, რათა ჩაეტანა ინფორმაცია არსებობის შემთხვევაში სხვა ცივილიზაციებთან იმაზე, თუ როგორია ცხოვრება დედამიწაზე, როგორია აღჭურვილობა, რა ენებია, რა სიმღერები, კულტურა და სხვა. გაგზავნილი 25 სიმღერიდან ერთ–ერთია ქართული ,,ჩაკრულო’’. ის იყო საუკეთესო სიმღერა, რომელიც საქართველოს წარმოადგენდა. ჩვენ მიერ გაშვებული ხომალდები გააგრძელებენ მილიარდობით წლების განმავლობაში მოგზაურობას და როცა გასცდებიან მზის ორბიტას, ეს ინფორმაცია იქნება შენახული. მეცნიერების გათვლებით, 5 მილიარდი წლის შემდეგ აღარ იარსებებს მზე და მის სისტემაში არსებული პლანეტები, მზე გადაიქცევა ცეცხლის მასად, რომელიც გაანადგურებს ყველაფერს. მხოლოდ დარჩება ეს ოქროს ფირფიტა, სადაც წერია ,,ჩაკრულო’’,– განუცხადა knews.ge-ს ჯონ კასანიმ. 
NASA-ს ინჟინრებმა თელაველ ახალგაზრდებს პლანეტა მარსზე განხორციელებული მუშაობის შედეგებიც გააცნეს და სამომავლო გეგმებზე მიაწოდეს ინფორმაცია. 
,,NASA-ს წარმომადგელებმა ძალიან საინტერესო საკითხებზე ისაუბრეს. მე დავუსვი კითხვა მათ მარსზე განხოციელებულ და მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით რაც ყოველთვის მაინტერესებდა. ვფიქრობ, ასეთი შეხვედრები მეცნიერებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია. ეს არის სტიმული იმისთვის, რომ არ არის გვიანი დაიწყო და გააკეთო შენი საყვარელი საქმე’’, –განუცხადა Knews.ge-ს თელაველმა ცია ფეიქრიშვილმა. 
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდი ,,ვოიაჯერის“ პროგრამას მეცნიერების დიდ მიღწევად აფასებს. ის იმედოვნებს, რომ მომავალში ქართველი და ამერიკელი მეცნიერები კაცობრიობისათვის მსგავს მნიშვნელოვან პროექტებს განახორციელებენ. 
,,ვოიაჯერის“ კოსმიური მისია კაცობრიობის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია. მან წაიღო ადამიანური ცივილიზაციის გზავნილი სხვა სამყაროსთვის. ეს არის ტექნოლოგიის და მეცნიერების დიდი მიღწევა. საელჩო საქართველოში მხარს უჭერს მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიის და მათემატიკის დარგების განვითარებას. ჩვენ იმედი გვაქვს ქართველი და ამერიკელი მეცნიერების მომავალი თაობა იმუშავებს ერთად მსგავს მნიშვნელოვან პროექტებზე. ეს არის სიმბოლო ჩვენი მეგობრობის’’– განუცხადა knews.ge-ს ელიზაბეთ რუდმა. 
შეხვედრა ჩატარდა სახურავისა და სარემონტო მასალების სავაჭრო ცენტრის (NOVA ) მხარდაჭერით, რომლის მიზანიც მეცნიერებისა და განათლების განვითარებაა.