ახალი ამბები

თელავში ქალთა პოლიტიკური აქტივობის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

აქციის მონაწილეებმა მოსახლეობას სპეციალურად დამზადებული ბუკლეტები გადასცეს და არჩევნებში ქალი კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის’’ მთელი საქარველოს მასშტაბით მხარს უჭერს გენდერულ თანასწორობას. განსაკუთებით კი ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წინ ქალი კანდიდატების მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის გაზრდას და მათთვის ინფორმაციის მიწოდებას. ვფიქრობთ, რომ ქალი აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი არამარტო ადგილობრივ, არამედ ცენტრალურ დონეზე. ძალიან მნიშვნელოვანია თავად ქალებმა გააკეთონ არჩევანი ქალების სასარგებლოდ. ასეთი სახის აქციები ეხმარება საზოგადოებას, მიიღონ ინფორმაცია, ყურადღება მიაქციონ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიც არის გენდერული თანასწორობა‘’, – განუცხადა knews.ge-ს მაია მამულაშვილმა.
გამოკითხული თელაველი მოქალაქეების აზრით, პოლიტიკური პარტიები მამაკაცებს ანიჭებენ უპირატესობას, რადგან ფიქრობენ, რომ ისინი ქალებზე გამოცდილი არიან. მათი შეფასებით, პარტიების დამოკიდებულება ამ მხრივ არასწორია. 
,,საჭიროა ქალთა გააქტიურება. მე ვფიქრობ, რომ მანამდე ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს ქვეყანაში, რათა ქალებმა პოლიტიკისთვის მოიცალონ. მარტო იმაზე არ უნდა ფიქრობდნენ, შვილებს რა აჭამონ. ამ საკითხის მიმართ მამაკაცების დამოკიდებულებაც პრობლემაა. ქალი, რომელიც პოლიტიკაშია, ხშირად მოუწევს მივლინებაში წასვლა, სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრება და მამაკაცებს მოუწევთ ამ შემთხვევაში ბავშვების მიხედვა, ეს კი არ მოსწონთ. ჩვენ გვაქვს ტრადიციული აღზრდა და ეს გვბოჭავს. რა თქმა უნდა ტრადიციების მომხრე ვარ, მაგრამ ცუდი რაც არის ის უნდა მოვიშოროთ. ამას კი დრო და მენტალიტეტის გამოცვლა სჭირდება“, – განუცხადა knews.ge-ს თელაველმა დარეჯან გოჩელაშვილმა.