ყვარლის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსს ცესკოში უჩივლეს
ორგანიზაციის ინფორმაციით, ქეთევან ჭიპაშვილმა, რესურცენტრისა და საჯარო სკოლების სახელით, სამუშაო საათებში, ყვარლის მერობის კანდიდატის, როსტომ სესიაშვილის მხარდამჭერი პოსტი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.
,,საქმე ეხება ყვარლის საგანმანათლებლო რესუსრსცენტრის ხელმძღვანელის, ქეთევან ჭიპაშვილის ფეისბუქ პოსტს, რომელიც მან სამუშაო საათებში გამოაქვეყნა. ის ქართული ოცნების ყვარლის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატს ღიად უჭერს მხარს რესურსცენტრისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სახელით. ფეისბუქ პოსტში როსტომ სესიაშვილის ფოტოსურათია მიბმული, ასევე მისი ბიოგრაფია და კანდიდატის მხარდამჭერი მოწოდებები. ქეთევან ჭიპაშვილის, როგორც საჯარო მოხელის მონაწილეობა აგიტაციაში, სამუშაო საათებში, წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას და ეწინააღმდეგება „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ საჯარო მოხელისთვის დადგენილ ნეიტრალიტეტისა და მიუკერძოებლობის პრინციპს”, – განაცხადეს ორგანიზაციაში.
მათივე განცხადებით, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მხრიდან საჯარო სკოლების სახელით გავრცელებული განცხადება შესაძლოა აღქმული იქნას, როგორც საკუთარი სამსახურეობრივი პოზიციის გამოყენება და პედაგოგებისთვის ინსტრუქცია, არჩევნებზე მხარი დაუჭირონ სესიაშვილს.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, აღნიშნული დარღვევისთვის გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გულისხმობს პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.