თუშეთის ინტერნეტიზაციის ფარგლებში ბენეფიციარებისთვის ვაუჩერები გაიცა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო გარკვეული ცოდნა, რომელიც გულისხმობს ინტერნეტის მეშვეობით ტურისტული ბიზნესის განვითარებას.
„გვყავს 29 ბენეფიციარი, რომლებმაც მიიღეს 150 ლარის ღირებულების ერთჯერადი ვაუჩერები და დაფინანსება, რათა მათ მოახდინონ საკუთარ ბიზნესში ინტერნეტის ჩართულობა. მათ, ასევე, მიიღეს გარკვეული ცოდნა, რომ შეძლონ დაკავშირება საერთაშორისო ქსელებთან და მიიღონ დამატებითი ტურისტები ადგილობრივ სასტუმროებში“, – განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, თუშეთში ამ ამ ეტაპისათვის უკვე დამონტაჟებულია 7 ანძა და მონიშნულია სატრანზიტო წერტილები – სოფელ რუისპირის ანძა, რომელთანაც მოყვანილია ოპტიკური ხაზი (კომპანია „ფრინეტი,“ კახეთი) და აბანოს უღელტეხილი, სადაც დამონტაჟებულია უფასო ინტერნეტის დაშვების წერტილი. ინტერნეტიზაციის პროექტი თუშეთის განვითარების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია ISOC-ის მხარდაჭერით მსოფლიო ბანკმა დააფინანსა.