ახალი ამბები

თელავში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 7 ოქტომბერს გაიხსნება

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამოჩენილ მუსიკოსებთან ერთად, წელს მსმენელის წინაშე ახალი თაობის წარმომადგენლები, საერთაშორისო მუსიკალური კონკურსების ლაურეატები და თბილისის კონსერვატორიის სტუდენტები წარდგებიან.
7 ოქტომბერს ფესტივალის გახსნაზე მსმენელის წინაშე წარსდგება 2016 წელს ელიზაბეტ დედოფლის სახელობის ბრიუსელის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ჩეხი პიანისტი ლუკაშ ვონდრაჩეკი, რომელიც მესამე საფორტეპიანოკონცერტს შეასრულებს.
ფესტივალის დამაარსებელს, ელისო ვირსალაძეს საკონცერტო მოღვაწეობის 55 წელი უსრულდება. მუსიკოსი ფესტივალზე ორჯერ დაუკრავს. ვირსალაძე 8 ოქტომბერს დავიდ ოისტრახის სახელობის სიმებიან კვარტეტთან ერთად წარსდგება და 15 ოქტომბერს, ფესტივალის დახურვაზე, მოცარტისა და ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტებს შეასრულებს.
ფესტივალის სტუმრებს შორისაა ცნობილი რუსი პიანისტი ბორის ბერეზოვსკი, რომელიც 10 ოქტომბერს, საფორტეფიანი მუსიკის კონცერტს წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გამართავს.
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ქება ვაზისა” ელისო ვირსალაძემ 80-იან წლებში დააარსა, რომელიც 2010 წელს, ოცწლიანი პაუზის შემდეგ აღდგა და ის, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თელავში ყოველწლიურად იმართება.