სტატიები

ჩალაუბნის სკოლის დირექტორს მასწავლებელზე განხორციელებულ ზეწოლაში ადანაშაულებენ

მაკა ფრიდონაშვილი ამტკიცებს, რომ ჩალაუბნის საჯარო სკოლის დირექტორი ლამზირა ყორჩიშვილი დედამისს, აიდა ფრიდონაშვილს, რომელიც სოფლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობს, სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრა, თუ მისი შვილი კანდიდატურას არ მოხსნიდა. 
„სკოლის დირექტორმა დედაჩემს დაურეკა და უთხრა, რომ თუ მე სასწრაფოდ არ მოვხსნიდი კანდიდატურას, სამსახურიდან გათავისუფლდებოდა. ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში და ზოგიერთი ხელისუფლებაში, ზოგი – ოპოზიციაში. იმის გამო რომ შვილი არის ოპოზიციური პარტიის კანდიდატი, მშობელს სამსახურში არ უნდა ექმნებოდეს პრობლემა“, – განუცხადა knews.ge–ს მაკა ფრიდონაშვილმა. 
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატის დედა, სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი აიდა ფრიდონაშვილი ადასტურებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთან სატელეფონო საუბარს და მიუთითებს ლამზირა ყორჩიშვილის მხრიდან პოლიტიკური ნიშნით მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ. 
„როდესაც გადაწყდა, რომ ჩემი შვილი „ნაციონალური მოძრაობიდან“ სოფლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყრიდა კენჭს, მეორე დღესვე დამირეკა ჩემმა დირექტორმა და მითხრა, რომ მაკამ სასწრაფოდ მოხსნას თავისი კანდიდატურა, წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლიდან გაგათავისუფლებენო“, – განუცხადა knews.ge–ს აიდა ფრიდონაშვილმა. 
ჩალაუბნის საჯარო სკოლის დირექტორი გამორიცხავს რაიმე სახის ზეწოლას რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელზე. ლამზირა ყორჩიშვილი აღნიშნავს, რომ წინა ხელისუფლების დროს აიდა ფრიდონაშვილი რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მან კი აიდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დააბრუნა.
„წინა ხელისუფლების დროს აიდა ფრიდონაშვილი სკოლიდან გააგდეს, მე კი რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თანამდებობაზე დავაბრუნე და როგორ ვეტყოდი, რომ თუ შენი შვილი კანდიდატურას არ მოხსნის, გაგათავისუფლებო. მე არჩევნებში ვერავის ვერ მოვუწოდებ, რომელ პარტიას მისცენ ხმა. ჩემ მიერ აიდაზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბარი აბსურდია. ჩვენ მაკას კანდიდატურის შესახებ საუბარიც კი არ გვქონია და ჩემი მხრიდან მუქარაზე ლაპარაკი ზედმეტია. ჩემი საქმე არ არის, 36 წლის ქალბატონი რას მოიმოქმედებს და რომელი პარტიიდან იყრის კენჭს“, – აღნიშნავს knews.ge–სთან საუბრისას ლამზირა ყორჩიშვილი.