რატომ პასიურობენ ქალები არჩევნების დროს
კახეთის ცხრავე თვითმმართველ ერთეულში უმაღლესი თანამდებობის პირის პოსტზე მამაკაცები აირჩიეს. არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელის მტკიცებით, ეს საგანგაშო მაჩვენებელია, რადგან მდედრობითი სქესის წარმომადგენლები გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ მონაწილეობენ. ამ მხრივ შედარებით უკეთესი მდგომარეობაა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სადაც საკრებულოს 29 წევრიდან 7 ქალია. ქალაქ თელავის წარმომადგენლობით ორგანოში კი არცერთი წევრი ქალი არ არის. ისინი ძირითადად დაკავებულნი არიან საქმის წარმოებისა და სხვა ადმინისტრაციულ პოზიციებზე.
“პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს” წევრი თამარ ლამაზოშვილი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გააქტიურებასა და საკუთარი კანდიდატურის დაყენებასაც გეგმავს. იგი ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიები კვლავ დგანან გენდერული გამოწვევის წინაშე.
,,2016 წლის არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ პოლიტიკური კულტურაა დასახვეწი, რათა ქალებს მიეცეთ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვის საშუალება. ამ კუთხით ჩვენი პარტია მთლიანად გახსნილია და ნებისმიერ ადამიანს საკუთარი თავის გამოვლენის საშუალებას აძლევს. ცოტა ხნის წინ დავაფუძნეთ პარტიის ქალთა ორგანიზაცია და აქტიურად ვმუშაობთ როგორც ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებაზე, ასევე ქალთა უფლებების დაცვაზე. პარტია შიდა პრაიმერის გზით გამოავლენს როგორც მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებს, ასევე პრაიმერით დაკომპლექტდება პროპორციული სიაც. ჯანსაღი კონკურენცია კი თავისთავად ხელს შეუწყობს ქალთა გააქტიურებასაც. ქალაქ თელავის საკრებულოს არცერთი დეპუტატი არ არის ქალი, რაც ვფიქრობ უარყოფითად აისახება ბიუჯეტის დაგეგმვაზე. პირადად მე კი საკრებულოში თუ საკრებულოს გარეთ მუდამ დავიცავ თელავის ინტერესებს და ყველანაირად დავეხმარები თელაველ ქალებს პრობლემების მოგვარებაში’’, – განუცხადა Knews.ge-ს თამარ ლამაზოშვილმა.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს ქალაქ თელავის მკვიდრი, ჟურნალისტი მაკა მოსიაშვილი. ის ქალების პასიურობას მამაკაცების მიერ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებს უკავშირებს.
,,2014 წელი იყო ჩემთვის კარგი გაკვეთილი იმის გასაგებად, თუ რამდენად მეტი ბრძოლა ჭირდება ქალს იმისთვის, რომ არჩევნებში ჯერ მარტო მიიღოს მონაწილეობა და მერე გაიმარჯვოს. სანამ ქალი კანდიდატი გახდება, მანამდე უწევს ყველაზე რთული ბარიერების გადალახვა. ვთვლი, რომ პარტიას თანაბარი როლი უნდა ჰქონდეს დაკისრეული ქალისთვისაც და მამაკაცისთვისაც. თუ იქნება კაცი სიის პირველი ნომერი, მეორე უნდა იყოს ქალი. გასულ არჩევნებზე მე სიის მეორე ნომერი ვიყავი, საკრებულოში ორი მანდატის ასაღებად 0,12 % დაგვაკლდა და თელავის საკრებულოში მხოლოდ ერთი წევრი შევიდა. აქ დაიწყო მეორე მომენტი, საკრებულოში შესულ მამაკაცს არ უკითხავს ჩემთვის მომეწონებოდა თუ არა მისი რომელიმე ინიციატივა. ქალაქ თელავის საკრებულოში 15 დეპუტატიდან ყველა მამაკაცია და სხდომაზე ქალის ხმა არ იქნებოდა რომ არა ჩემი აქტიურობა. თითქმის ყველა სხდომას ვესწრები. ამ ყველაფრის მოსაგვარებლად მთავარია ქალებმა ვიბრძოლოთ და თვითმმართველობის არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა. თუ ვერ გავიმარჯვებთ, ჩვენი საარჩევნო პროგრამები მაინც უნდა გვქონდეს მზად და გვყავდეს ჩვენი აქტივი. მათთან ერთად უნდა შევქმნათ ძლიერი გუნდი და უნდა შევძლოთ, რომ საკრებულომ ვერცერთი გადაწყვეტილება ვერ მიიღოს ჩვენ გარეშე. ვთვლი, რომ კენჭი უნდა ვყარო. ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი ვიქნები რომელიმე პარტიის კანიდატი თუ დამოუკიდებლად მივიღებ მონაწილეობას,‘’– განუცხადა knews.ge-ს მაკა მოსიაშვილმა.
ქალების რიცხვი საკრებულოებში რომ მცირეა, ამას მმართველ გუნდშიც აღიარებენ, თუმცა მიუთითებენ, რომ მაგრამ საჯარო სამსახურებში მდედრობითი სქესის ბევრი წარმომადგენელია დასაქმებული. ,,ქართული ოცნების“ თელავის რაიონული ოფისის ხელმძღვანელი, პაატა გიორგობიანი ფიქრობს, რომ ყველა სტრუქტურაში ქალების 40% მაინც უნდა იყოს წარმოდგენილი. მისი ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 31 წევრიდან ორი ქალბატონია.
,,მომავალ არჩევნებში ვფიქრობთ, რომ ქალები უფრო მეტად იყვნენ წარმოდგენილებ, როგორც ადგილობრივ ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, საკრებულოებში და სხვა. ვფიქრობთ გავაქტურდეთ ამ კუთხით და ხელი შევუწყოთ იმას, რომ მომავალ საკრებულოში სამი ქალი მაინც იყოს წარმოდგენილი. ჩვენთან საკრებულოს და გამგეობის აპარატში არიან დიდი რაოდენობით ქალები დასაქმებული. ჩემი აზრით, კარგი იქნება თუ მეტი ქალი იქნება წარმოდგენილი საკრებულოებში, მაგრამ კანონით ამის განსაზღვრა შეუძლებელია. ადგილზე თითოეულმა ხელმძღვანელმა პირმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ქალები დაასაქმოს.’’
თელავის გენდერის მედიაცენტრში აცხადებენ, რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობისათვის უფრო მეტი აქტივობაა საჭირო. მედიაცენტრი „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ერთად ქალთა პოლიტიკური მონაწიელობის კამპანიებს მთელი კახეთის მასშტაბით ჩაატარებს. პროექტის ფარგლებში „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას! ამომრჩეველი ქალების საჭირობების გამოვლენა და ამ საჭიროებების – პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატებისთვის გაცნობაა. თელავის გენდერის მედიაცენტრი თვითმმართელობის არჩევნებში მონაწილე ქალი კანდიდატების შესახებ საზოგადოებას ინტენსიურ ინფორმაციას მიაწვდის.
მიმდინარე წლის ივნისში პარლამენტში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის მხარდაჭერით 37 ათას 455 ამომრჩევლის ხელმოწერით გამყარებული გენდერული კვოტირების საკანონმდებლო ინიციატივა შევიდა. ინიციატივა გულისხმობს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელებას, რომლის მიხედვითაც, პარტიები და საარჩევნო ბლოკები ვალდებულნი იქნებიან, პარტიულ სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ.
იმ შემთხვევაში კი, თუ არჩეული წევრს რაიმე მიზეზით შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება, დეპუტატის მანდატს იმავე სქესის, რიგით მომდევნო კანდიდატი მიიღებს. საკანონმდებლო ინიციატივას მხარს უჭერენ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები. აღნიშნული ინიციატივის პარლამენტში განხილვა 2017 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის ვერ მოხერხდა.