სტატიები

თელავში ჯაყელების ღვინის მარანი გაიხსნა

როგორც knews.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა ზაზა ჯაყელმა განუცხადა, მარანში ფუნქციონირებას დაიწყებს ღვინის სადეგუსტაციო დარბაზიც, სადაც ტურისტებს თავად უმასპინძლებს.
,,ახალი მარანი ავაშენეთ ვარდისუბანში. ბიზნესის გაფართოების მიზნით მარანში ჩავყარეთ 8 ტონის მოცულობის ქვევრი. ჩვენი მარანი მდებარეობს შესანიშნავ ადგილზე, არის არაჩვეულებრივი ხედი და გარემო, უკეთესს ვერც ვინატრებდი”, – აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
ზაზა ჯაყელის განცხადებით, ბიზნესის გაფართოება შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში შეძლო.
,,ხაშმში ღვინის ბიზნესი, რომელიც მე და ჩემს ძმას გვქონდა და ,,ჯაყელების ღვინოების“ სახელით იყო ცნობილი, თელავში გადმოვიტანე”, – ამბობს ბიზნესმენი.
ძმები ჯაყელების ღვინის ისტორია 2001 წლიდან დაიწყო, თუმცა ამ ეტაპზე, ზაზა დამოუკიდებლად განაგრძობს ბიზნესსაქმიანობას.
,,ჩემი ძმა ამ ეტაპზე ცხოვრობს ამერიკაში. გადაწყვიტე, რომ ბიზნესსაქმიანობა ხაშმიდან თელავში გადმომეტანა, აქ უამრავი მეგობარი მყავს”, – აცხადებს ზაზა ჯაყელი.
მას თავდაპირველად ვენახი 5 ჰექტარზე ჰქონდა გაშენებული. ჯაყელებმა პირველი მოსავალი 2005 წელს მიიღეს, ღვინო კი 2007 წელს ჩამოასხეს.
,,ვაწარმოებთ ბიოღვინოს და ბიომეურნეობას ოჯახთან ერთად ვუძღვები. ახმეტაში, სოფელ ოჟიოში იჯარით მაქვს ვენახი აღებული და დავიწყე თეთრი ღვინის წარმოებაც”, – აცხადებს ზაზა ჯაყელი.
ჯაყელების “საფერავი” იყიდება ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში, პოლონეთსა და იაპონიაში. 
ზაზა აწარმოებს ჭაჭას და 4 სახეობის ღვინოს: რქაწითელი ქისი, რქაწითელი მწვანე, ქისი და საფერავი.
,,წელიწადში სულ 5000-7000 ბოთლ ღვინოს ვამზადებთ. მაგალითად, ლონდონში ბოთლი ღვინო „მიშლენის“ რესტორანში 65 სტერლინგად იყიდება”, – აღნიშნავს ბიზნესმენი.
მისივე თქმით, ადგილობრივ ბაზარზე ღვინოებზე მოთხოვნა გაიზარდა. პროდუქციის დამზადების ტექნოლოგია ტრადიციულია.
,,ღვინოზე 3–ჯერ მეტი მოთხოვნა მაქვს, ვიდრე წინა წლებში იყო. ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა. საფერავთან ერთად, მოთხოვნა გაიზარდა თეთრ ღვინოზეც“, – აღნიაშნავს ზაზა ჯაყელი.