სტატიები

ნინოწმინდაში ბროილერის ჯიშის ქათმის კვერცხს აწარმოებენ

შპს „ნაზვრევის“ ხელმძღვანელის, კოტე თოფურიას ინფორმაციით, ფერმაში დაახლოებით 10 000 ქათამი და 9000 იხვია. 
„მეფრინველეობის ფერმაში ხელით შრომა მინიმუმამდეა დაყვანილი. ყოველდღიურად დაახლოებით ბროილერის ჯიშის ქათმის 20 000 კვერცს ვაწარმოებთ. ყველაზე ძნელად გასაზრდელი სწორედ ბროილერის ჯიშის ქათმის გაზრდაა. სიტყვა ბროილერი ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს ცეცხლზე შეწვას. თანამედროვე ბროილერები სახორცე წიწილების ჰიბრიდს წარმოადგენს, რომელსაც სპეციალურად ზრდიან 7-10 კვირამდე. მისი ხორცი არის ნაზი, მსუყე. მასში გროვდება ყველაზე მეტი ცილა. შესაძლებელია მიწოდება როგორც ტაბაკას წონის, ასევე სასურველ წონამდე გაზრდილი, მაგრამ არა უმეტეს 3,5 კგ. ქათამი იზრდება ყველა სანიტარული ნორმის დაცვით“, – განუცხადა knews.ge–ს კოტე თოფურიამ.
მეფრიველეობის ფერმა ბროილერის ჯიშის ქათმის ხორცსაც ყიდის. კოტე თოფურია ამბობს, რომ პროდუქციის წარმოება მომგებიანი საქმიანობაა. 
ბროილერის ქათმის ხორცის წარმოება დღევანდელი მდგომარეობით რენტაბელურ საქმიანობად ითვლება. ბაზარზე 1კგ ხორცის სარეალიზაციო ფასი 5 ლარია, ხოლო მსხვილი მარკეტების ქსელებში მისი ღირებულება უფრო მაღალია. ახალგამოჩეკილი წიწილის სარეალიზაციო ფასი ბაზრის მიხედვით მერყეობს 1- დან 1,40-ლარამდე. საკვების (30% კონცენტრატი+70% სიმინდი) ჯამური მოხმარება ერთ ფრთაზე 1 დღიდან დაკვლამდე, 35-40-დღემდე, შეადგენს დაახლოებით 4 კილოგრამს, რომლის ღირებულებაა 4 ლარამდეა. ვეტერინარული დანახარჯების, მომვლელის ხელფასის, გათბობისა და სხვა ხარჯები ერთ ფრთაზე შეადგენს დაახლოებით 6 ლარს. ერთი ფრთის ცოცხალი წონა დაკვლისას 2 კგ-ია, რომლის ხორცის გამოსავალი 70-75%-ია, ანუ 1,5 კგ სუფთა ხორცი. ანუ სუფთა მოგება ერთ ქათამზე გვაქვს დაახლოებით 1,5 ლარი“, – აღნიშნავს თოფურია. 
შპს “ნაზვრევს”, ასევე, აქვს სასტბორე მეურნეობა, სადაც აშენებენ სარკისებრ კობრს, თეთრ ამურს და ლოქოს. კოტე თოფურია აღნიშნავს, რომ თევზების კვების დროს მხოლოდ მცენარეულ საკვებს იყენებენ. 
,,კომპანიის საკუთრებაშია სასატბორე მეურნეობას, სადაც იწარმოება მტკნარი წყლის თევზის სამი სახეობა: სარკისებრი კობრი, ლოქო და თეთრი ამური. კომპანიამ მიზნად დაისახა თავისი პროდუქტი ეწარმოებინა მხოლოდ საქართველოში წარმოებული მცენარეული საკვების გამოყენებით, რაც გამორიცხავს ყოველგვარ ხელოვნურ საკვებს, ქიმიურ ჩარევას, აგრეთვე ცოცხალი ორგანიზმის ზრდის ხელოვნურ სტიმულირებას. ეს პროდუქციის გემოვნურ თვისებებზეც დადებითად აისახება“, – ამბობს საწარმოს ხელმძღვანელი.
კოტე თოფურია სამომავლოდ ბიო ღვინის წარმოებასაც აპირებს. საწარმოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ღვინოს ძირითადად ექსპორტზე გაიტანენ. 
,,ვგეგმავთ ევროპული ტექნოლოგიით ბიო ღვინის წარმოებას. ეს იმ ტრადიციის გაგრძელებაა, რაც ამ ადგილებში საუკუნეების წინ არსებობდა. ამოცანა ამბიციურია, მაგრამ ნაზვრევში ამ გადაწყვეტილების რეალიზება ნაბიჯ-ნაბიჯ უკვე მიმდინარეობს“.