სტატიები

ატმის ექსპორტის გაორმაგებული მაჩვენებლის ფონზე კახეთში პროდუქცია ლპება

ოფიციალური მონაცემებით, პროდუქციის ექსპორტი წინა წლებთან შედარებით გაორმაგდა, თუმცა ფერემერბს ატამი მაინც უფუჭდებათ. სამრეწველო ანუ უხარისხო ატამის ჩაბარება ქართული ხილის კომპანიას ჯერ კიდევ არ დაუწყია, თუმცა საწარმო გელეხებს გაფუჭებული პროდუქციის ჩაბარების პირობას აძლევდა. 
„ატმის ფასი 40, 50 თეთრიც იყო, ეხლა აღარ არის. ატმის პლანტაციები რამდენიმე ჰექტარზე მაქვს. სად წავიღო? სად გავყიდო? არც საკონსერვო ქარხანაა, მთავრობა ხომ უნდა ზრუნავდეს? თუ ვერ გავყიდე მე ნახევარი უნდა გავკაფო. ხარჯების ფულს ვერ ვიღებ და რა ვქნა“, – განუცხადა knews.ge–ს ლექსო სოლომნიშვილმა. 
ფერმერები ფინანსურ პრობლემებზე საუბრობენ. ისინი ირწმუნებიან, რომ ბანკიდან გამოტანილი დიდი რაოდენობით სესხის ნაწილის დაფარვასაც კი ვერ ახერხებენ. 
ადგილობრივები იძულებულები არიან ატამი გორში 25 თეთრად კულას ქარხანაში ჩააბარონ. ისინი ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში მოსავლის მოყვანაზე გაწეულ დანახარჯსაც კი ვერ აანაზრაურებენ, თუმცა პროდუქციის გადაყრას, ურჩევნიათ პროდუქცია მიზერულ ფასად გაყიდონ. კულას ქარხანას კახელი ფერმერებისაგნ ივლისის დასაწყისში ატამი 45 თეთრად უნდა შეესყიდა, თუმცა მაშინ ბაზარზე ატმის ფასი 50–დან 60 თეთრამდე მერყეობდა და გლეხები ამ შეთავაზებას არ დათანხმდნენ. 
„ატამი ჩამოდის დაბლა ხიდან და ლპება. წელს ატამი და ვაშლატამა გადასაყრელ ფასებშია. არავის არ უნდა, ყველას უნდა, რომ მუქთად იყიდოს. გორშიც კომპანია კულა ატამს კაპიკებში იბარებს. ბანკიდან 6000 ლარი ავიღე, მაგრამ ვერ ვახერხებ დაფარვას. ბანკში ფული საერთოდ ვერ შევიტანე. 300 ლარის ატამიც კი ვერ გავყიდე. თუ კომპანია კულას 1კგ. ატამს 25 თეთრად ჩავაბარებ, ბანკის ვალის ნახევარსაც კი ვერ დავფარავ, მაგრამ რა ვქნა? იძულებული ვარ, ასე მოვიქცე“, – განუცხადა knews.ge–ს სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებმა ლადო მაისურაძემ. 
1 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოდან 7,784 ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 69%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ექსპორტირებული ატმის საერთო ღირებულება 3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. 
გასულ წელს ექსპორტზე 4,616 ტონა ატამი გავიდა, ხოლო მთლიან სეზონზე ექსპორტირებული პროდუქციის მაჩვენებელი 5,800 ტონა იყო. 
ქართული ატამი ყველაზე დიდი რაოდენობით გავიდა რუსეთის ფედერაციაში, სადაც ექსპორტირებულია პროდუქციის 78%. ზერბაიჯანის რესპუბლიკაში კი ატმის 11% გავიდა. სომხეთის რესპუბლიკაში ატმის ექსპორტი 5%–ს აღწევს. ყაზახეთსა და უკრაინაში კი ქართული ატამი კიდევ უფრო მცირე რაოდენობით იყიდება. 
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ატმის რეალიზაციის პრობლემას ფერმერების არაორგანიზებულობასა და უხვ მოსავალს უკავშირებენ. მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი გლეხებს ატმის კოოპერატივებში გაწევრიანებას ურჩევს. 
„მეწარმეც, ფერმერიც თავისუფალია თავის გადაწყვეტილებებში. ეს გარკვეულწილად ქმმის როგორც მოგების ისე ზარალის შესაძლებლობას, მაგრამ მე მოვუწოდებ კახელ ფერმერებს შექმნან კოოპერატივები, შეძლონ ბაზარზე ერთიანი ძალით გამოვიდნენ“, – ამბობს გელა ხანიშვილი. 
ფერმერები კი არ გამორიცხავენ, რომ მომავალ წელს ატმის მაგიერ სხვა კულტურის მოყვანა დაიწყონ.